„ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა რეგიონში. რა თქმა უნდა, ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი უკეთესია, მაგრამ გეგმა უნდა იყოს არა მარტო ამბიციური, არამედ რეალისტურიც“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „ბიზნესი მაესტროზე“ 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას.
ნათია თურნავას განცხადებით, ბიუჯეტით განსაზღვრული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და წარმოდგენილი გეგმა რეალისტური და მიღწევადია, რადგან წელს აგვისტოს თვეში ეკონომიკის 5%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 8 თვეში საშუალო თვიური ზრდის მაჩვენებელი 5%-ია.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ - ამას ემსახურება ბიუჯეტი, საინვესტიციო პროგრამები და ჩვენს მიერ დაგეგმილი სხვა აქტივობები - ეკონომიკური გუნდის, მთლიანად მთავრობის და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არ არის საქართველოს მთვარობის პროგნოზი, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაცაა, რომელიც ამ თვალსაზრისით არის ძალიან კონსერვატიული მსაჯულია.
„მიუხედავად ყველა რეგიონალური გამოწვევისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც დიდად ვართ დამოკიდებული იმაზე, რაც რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში ხდება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და დინამიური მაჩვენებელი - ბევრ ჩვენ მეზობელთან შედარებით, 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მაღალი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენ ვიყოთ საუკეთესო და ეს არის მიღწევადი ამოცანა - ამას ეყრდნობა ჩვენი ბიუჯეტიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტთან საუბრისას.