logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: პრივატიზაციის პროცესში გვჭირდება სერიოზული ცვლილება და გამკაცრება
- +

2 ოქტომბერი. 2019. 21:11

 

„პრივატიზაციის ტემპებით გარკვეულ ნაწილში კმაყოფილი ვარ, თუმცა მაქვს უკმაყოფილების   საფუძველიც და ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება სერიოზული ცვლილება, სერიოზული გამკაცრება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „ბიზნესი მაესტროზე“ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ცვლილებებია შესატანი სახელმწიფო საწარმოების მართვის პროცესშიც.

 

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა,  საწარმოების პრივატიზება უფრო რთული პროცესია.

 

„შედარებით კმაყოფილი ვარ იმ მიღწევებით, რაც შევძელით უძრავი ქონების გააქტიურების თვალსაზრისით. იცით, რომ ბიუჯეტის წლიური გეგმა საკმაოდ ლიბერალურად იყო დაგეგმილი, შესრულებული და წლის ბოლომდე რეალისტურია, რომ 100 მილიონ ლარს გადავაჭარბოთ.  თუმცა რეალურად,  ეს შევძელით უძრავი ქონების  აქტიური პრივატიზების ხარჯზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების გასხვისებას, გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებითაც გადადგმულია - გორის ქარის ელექტროსადგური უკვე მომზადებული და  გამოტანილია საპრივატიზაციოდ.

 

„თუმცა, ამ მიმართულებით და ამ ტემპებით კმაყოფილი არ ვარ და  აქედან გამომდინარე სამინისტროში, მთლიანად გუნდში, ვფიქრობთ, როგორ განვაახლოთ პრივატიზაციის მიდგომები, როგორ გავხადოთ ის უფრო  ეფექტიანი და სწრაფი. მართალია, გარკვეული მოსამზადებელი პროცესი ამისთვის იყო საჭირო, მაგრამ ამ მხრივ დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს იმედს, რომ ამ მიმართულებას აქტიურად შევეჭიდოთ. იქნება ეს იგივე „საქართველოს ფოსტა“, რომლის საპრივატიზაციოდ გამოტანა წლების წინ იქნა დეკლარირებული და ჩვენ გვინდა ეს პროცესი დავიწყოთ, თუმცა მთავარია ეს იყოს სწორად შეფუთული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, როდესაც საუბარია, რომ შესაძლებელია 150 მილიონ ლარამდე ქონების პრივატიზაცია მოხდეს, ეს არ არის ზოგადი  ნათქვამი, არამედ ეყრდნობა წლევანდელ მიღწევას და იმ პრობლემების გაგებასა და აღიარებას, რაც ამ კუთხით დაგროვდა.

 

„ამიტომ გვჭირდება სერიოზული ცვლილებები, სერიოზული გამკაცრება პრივატიზების პროცესში და სახელმწიფო საწარმოების მართვაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner