logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაში ჯერ კიდევ ვერ შევძელით გარღვევა და აქ გვჭირდება აქტიური მუშაობა, რისთვისაც მზად ვართ
- +

3 ოქტომბერი. 2019. 12:23

 

 

„სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით ნამდვილი გარღვევა გვჭირდება, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მინიტრის თქმით, ქონების პრივატიზების, მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზების მიმართულებით, მთავრობას წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.

 

„მე ვიტყოდი, რომ ქონების პრივატიზების კუთხით ცუდად არ მივდივართ, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ. პირადად მე არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით გარღვევა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების მხრივ მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების პრივატიზების ნაწილში მივაღწიეთ დაჩქარებას. ამიტომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაში ჩვენ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პრივატიზება არ შეეხება ისეთ სტრატეგიულ სახელმწიფო ობიექტებს, როგორიცაა რკინიგზა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომლებიც მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ მოსახლეობისთვის.

 

„თუმცა არსებობს სხვა უამრავი მცირე საწარმო, რომელთაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს  რეალურ მფლობელს. აქ  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner