logo_geo
eng_logo
მსოფლიო ბანკი საქართველოში გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებას
- +

3 ოქტომბერი. 2019. 16:14

 

 

მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 

წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მდგრადი განვითარების საკითხებში სტივენ შონბერგერი.

 

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის რეფორმების გეგმა, საუბარი შეეხო 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, მათ შორის, მდგრადი განვითარების კუთხით.

 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ურბანული და მდგრადი განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. 

 

ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარეს მიულოცა მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევაში  - „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში“  მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებით, საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოხვდა.

 

შეხვედრაზე, ასევე, პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დონორია. 25 წელზე მეტი ხნის თანამშრომლობის მანძილზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner