„მთავრობასა და ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის კოორდინაცია არის და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში გაზრდილი ინფლაციის ფონზე ეროვნული ბაკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის მართებულობა და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს.
გადაცემის თანაწამყვანმა და ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რათა საზოგადოებაში ნდობა გაჩნდეს. მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, სადაც გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს შორის კოორდინირებული მუშაობა არის და ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მხარს უჭერს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციები და უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობასთან კოორდინაცია ნამდვილად არსებობს და მომავალშიც გაგრძელდება.
„იყო ასეთი განცხადება და ეს იყო დაფუძნებული იმ ზომებზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მთავრობასთან კოორდინაცია გვაქვს. ამ შემთხვევაში უფრო მეტი კოორდინაცია იყო საჭირო და არის საჭირო და ასევე გავაგრძელებთ“, – განაცხადა გვენეტაძემ.