„კომერციული ბანკებისათვის ეროვნული ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის შემცირება ძირითადად კორპორატიულ სესხებს შეეხება, ფიზიკური პირებისთვის უცხოურ ვალუტაში სესხის 200 ათასი ლარის ფარგლებში გაცემის ზღვარი კი არ იცვლება“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში გაზრდილი ინფლაციის ფონზე ეროვნული ბაკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის მართებულობა და აქედან გამომდინარე გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების მიმართ უცხოურ ვალუტაში არსებული სარეზერვო მოთხოვნის 5 პროცენტით შემცირების საკითხიც განიხილეს.
გვენეტაძემ აღნიშნა, რომ უცხოური სავალუტო რეზერვების შემცირებიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს ე.წ. ლარიზაციის პოლიტიკიდან გადახვევა, რაც მცდარია.
„არის კიდევ კითხვა, ხომ არ არის ეს ლარიზაციის სტრატეგიიდან გადახვევა, რაც ეროვნულ ბანკს მთავრობასთან ერთად ჰქონდა კოორდინაციაში. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს და რატომ. როცა ლარიზაციაზე ვსაუბრობთ და უცხოური ვალუტის სესხებიდან მომდინარე მოწყვლადობაზე, არ დაგავიწყდეს, რომ აქ ძირითადად არიან ფიზიკურ პირები, რომლებიც, როგორც წესი, გამკლავებას ვერ ახერხებენ. და ფიზიკური პირებისათვის 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში არის აკრძალული. ეს იგივე რჩება. რაც შეეხება კორპორატიულ სესხებს, მათ გაცილებით უკეთ შეუძლიათ სავალუტო რისკების მართვა. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლარიზაციის შენელება მოხდა, ეს იქნება მსხვილი კორპორატიული სესხების ხარჯზე, რომლებიც რისკების მართვას გაცილებით უკეთესად ართმევენ თავს. ამავე დროს, ლარიზაციის პროექტი გრძელვადიანი პროექტია და ის შეიძლება 15-20 წელი გაგრძელდეს და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, უცხოურ ვალუტაში სესხების განულებას. ლარიზაციამ შედეგები ნამდვილად მოგვიტანა. თუნდაც ის, რომ ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში 16 პროცენტითაა შემცირებული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ „ბიზნესპარტნიორში“.