4 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 223 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 133 ათასი ტონა რქაწითელი, 71 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
კახეთში ღვინის საწარმოებს მოსავალი 21 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
კახეთში რთველი უკვე დასკვნით ეტაპზეა. მოსავლის დაბინავება აქტიურად ამ დროისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
5 ოქტომბერს რთველის საკოორდინაციო შტაბი იხსნება ამბროლაურში. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან, რომ რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში შეუფერხებლად და ორგანიზებულად ჩატარდეს.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.