logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის NATO-ს წევრობა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 12:01

 

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის გამართვა საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე პრაქტიკული განზომილების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმში,  NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

მისი თქმით, NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს თავდაცვის რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

 

„უაღრესად პოზიტიური შეფასებები მოვისმინეთ ყველა წევრი ქვეყნისგან, გენერალური მდივნის მოადგილის მხრიდან. საქართველო აღიარებულია, როგორც სამაგალითო ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა საბოლოო მიზნისკენ, რაც არის გაწევრიანება, ვიაროთ ჩქარი ნაბიჯებით და ამ თვალსაზრისით ამ შეხვედრას მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე, ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში არსებობს უსაფრთხოების კუთხით. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან მიმართებით“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს პარტნიორები მკაფიოდ აფიქსირებენ მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

„ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი იყო შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკაზე, რომელიც იყო განმსაზღვრელი NATO-ს წინა სამიტის დეკლარაციაში, რომელიც უპრეცედენტო იყო. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან მიმართებით სამიტის დონეზე პირველად ჩატარდა ეს შეხვედრა და სწორედ ის გადაწყვეტილება და დეკლარაცია, რომელიც საუბრობს ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის, პრაქტიკული განზომილების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე, იგივე შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით, ის შეთანხმებები, რომელიც მაშინ იქნა მიღწეული, აუცილებელია, რომ პრაქტიკულ განზომილებაში ითარგმნოს და ამ მიმართულებითაც სერიოზული პროგრესია. ეს ყველაფერი აისახა ერთობლივ დეკლარაციაში, ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მიიღო NATO-ს საბჭომ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ ამ მიღწეულ პროგრესს და ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ იმ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის წევრობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი განცხადება მიიღეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner