დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, გვიან ღამით გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში იმყოფებოდა, სადაც ვეკუას ქუჩის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოების შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე სამუშაოების ტემპი გამოსწორდა და პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.
„მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, წყალარინებისა და სასმელი წლის მიწოდების სისტემები; ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება; ელექტრობოძები და სანათები გამოიცვლება; განახლდება ტროტუარები. ასევე, ამ ორ ქუჩაზე მოეწყობა ავტობუსებისთვის ზოლები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს. იცით, ჩვენი მიზანია, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. აქ იყო გარკვეული პრობლემები სამუშაოების ტემპთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიასთან და შედეგი სახეზეა. სიტუაცია გამოცოცხლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე განსახორციელებელ სამუშაოებზე განმარტებები დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული ქუჩები 5 მონაკვეთად დაიყო და სამუშაოებიც ხუთეტაპიანი იქნება.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, რამდენიმე დღეში ხიზანიშვილის ქუჩის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტდება დაიწყება, ხოლო რვაკილომეტრიანი ორი ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.