გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, წყლის რაციონალურად მოხმარების თემაზე საგანმანათლებლო კამპანია, პირველ ეტაპზე, გორის საჯარო სკოლებში განხორციელდება.
პროექტი ოფიციალურად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ გახსნა. კომპანიის ხელმძღვანელმა ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოებაში წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე.
„ვფიქრობ, აუცილებელია, რომ სკოლიდანვე იცოდნენ ბავშვებმა თუ როგორ გაუფრთხილდნენ ამ ბუნებრივ სიმდიდრეს, რომელიც მუდმივად ილევა. უნდა გავატაროთ საჭირო ღონისძიებები იმისთვის, რომ ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერება ავამაღლოთ. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ახალი საპილოტე პროექტი ქალაქ გორში, რომელშიც 12 საჯარო სკოლაა ჩართული“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობა, კონკურსები და სასწავლო ტურები, რაც მოსწავლეებს წყლის რესურსების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება.
ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის წყალმომარაგების ობიექტებზე საგანმანათლებლო ინფო-ტურების მოწყობას გეგმავს.
პროექტის მიზანია, როგორც სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წყლის რესურსების მართვის პროცესში, ასევე მათი აქტიური ჩართულობა და ახალგაზრდების წახალისება გარემოსდაცვითი პროექტებში.
პროგრამა 2020 წლის ივნისამდე გაგრძელდება. კამპანიის დასასრულს, კონკურსში გამარჯვებული სკოლის, საჯარო უწყებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“ განახორციელებს.