საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა „ტექნოპარკში" მიმდინარეობს.
შეხვედრა სიტყვით დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და ყურადღება გაამახვილა იმ წერილზე, რომელიც 1 კვირის წინ გამოქვეყნა. როგორც ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისი დახმარების გარეშე ხელისუფლების შეცვლა და ქვეყანაში ვითარების შემობრუნება 2012 წელს შეუძლებელი იყო.
„ძალიან მოკლე აქცენტებს გავაკეთებ იმ ღია წერილზე, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა. წერილს ვიწყებ მოგონებებით. დაახლოებით 5 წელი გავიდა, ოქტომბერში 5 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც პირველი განცხადება გავაკეთე.
ძალიან ბევრი პრობლემა იყო იმდროინდელ საქართველოში. მედია სრულად მონოპოლიზირებული იყო და ერთი ჯგუფის მიერ იმართებოდა. ბიზნესი მთლიანად კონტროლდებოდა და ა.შ.
მე მინდა, ცოტა უფრო მეტი ვისაუბრო იმაზე, თუ სად ვართ დღეს და საით მივდივართ. თუმცა, ისევ მოკლედ გავიხსენებ, რომ ადამიანის უფლებები იყო განულებული. ერთ ჯგუფს ჰქონდა ყველაფრის უფლება და საზოგადოებას არაფრის უფლება არ ეძლეოდა. ქუჩაში გამოსვლა პრაქტიკულად ტაბუ დადებული იყო. მახსოვს, რომ არც ინვალიდები არ დაზოგეს. ასეთი გახლდათ იმდროინდელი საქართველო, რამაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ მოვსულიყავი პოლიტიკაში. რამეთუ ვთვლიდი, რომ ჩემი ვალი იყო და ჩემი დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო რეალურად სიტუაციის შეცვლა და შემობრუნება", - განაცხადა ივანიშვილმა.