logo_geo
eng_logo
გია ყანჩელის უკვდავი ''ყვითელი ფოთლები'' ჰააგის ეკლესიის სამრეკლოში აჟღერდა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 20:21


ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად, დღეს, 4 ოქტომბერს, ნიდერლანდების სამეფოში, ჰააგის შტ. ჟაცობს-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები - „ყვითელი ფოთლები“ და ცნობილი მელოდია ფილმ „შერეკილებიდან“, აჟღერდა. ქართული ჰანგებით ტკბობა ჰააგის მცხოვრებლებს, დღის 12:00 საათიდან შეეძლოთ.


ქართული მელოდიები სამრეკლოს მთავარმა მუსიკოსმა ხაისბერტ კოკმა შეასრულა. ჰააგის სამრეკლოს ზარებმა, ასევე დაუკრეს პოპულარული ქართული მუსიკალური ნაწარმოებები: რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.



როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო იტყობინება, იდეის ავტორი ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძეა. მისი ინიციატივით, ჰააგის მთავარს სამრეკლოში ქართული კომპოზიციები ცოცხლად, მანამდეც შესრულებულა. ერეკლე კოპლატაძის ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებს სხვადასხვა ქართული ნაწარმოები აქვთ შესრულებული, მათ შორის „თბილისო", „ჩიტო-გვრიტო", „სულიკო", „ვიცი, რომ" და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი".


მსოფლიოში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 84 წლის ასაკში, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი ბოლო პერიოდში, თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.



ცნობილ კომპოზიტორს, მისი უკანასკნელი სურვილისა და ანდერძის შესაბამისად თბილისში, დიდუბის პანთეონში, დაკრძალავენ. კომპოზიტორის დაკრძალვის ცერემონია 5 ოქტომბერს გაიმართება. 



გია ყანჩელს საერთაშორისო აღიარება მოუტანა 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ - „ინ მემორია მიქელანჯელო“.



მას ეკუთვნის რეჟისორ რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“. გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner