სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოქალაქეებისთვის SMS-შეტყობინებების მათი თანხმობის გარეშე გაგზავნა, შესაძლოა შეიზღუდოს.
ცვლილებები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში“ უნდა შევიდეს.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება (მათ შორის სარეკლამო სმს -შეტყობინებების გაგზავნა), დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში.
"მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის გათვალისწინებული საშუალება უნდა იყოს მარტივი. ამასთან, მონაცემთა სუბიექტის უნდა მიეცეს მკაფიო და მარტივად აღსაქმელი მითითება ამ საშუალების გამოყენების შესახებ. დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელებისათვის დაწესებული იქნეს საფასური, ან სხვა შეზღუდვა,“-ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.