ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამან ოფიციალურად კონტროლირებადი ობიექტების დაქსაქსვა და ქვეყანაში არალეგალური სათამაშო ბიზნესის განვითარება არ უნდა გამოიწვიოს.
როგორც მინისტრმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, სათამაშო ბიზნესში ფულის ბრუნვა გაზრდილია, რაც ძირითადად ტურისტების მატებით არის განპირობებული. ამ ბიზნეში ფულის ბრუნვაში დიდი წვლილი სწორედ უცხოელებს შეაქვთ.
"ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა ვართ. საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე 3-ჯერ მეტ ტურისტს ვემსახურებით. სათამაშო ბიზნესში ფულის ბრუნვაში დიდი წვლილი შეაქვთ ჩამოსულ ტურისტებს. ბევრ სასტუმროსთან არსებობს კაზინო. ზოგ ქვეყანაში ეს ნაკლებად ხელმისაწვდომია, ამით საქართველოს მიმზდიველობა კიდევ უფრო იზრდება", - აცხადებს ნათია თურნავა.
მინისტრის თქმით, ის მხარს დაუჭერს ყველა იმ რეგულაციას, რომელიც გააჯანსაღებს ქვეყნის ეკონომიკას. თუმცა, მეორე მხრივ არსებობს პრობლემა, როგორ ვებრძოლოთ სათამაშო ბიზნესით ახალგაზრდების დაინტერესების ტენდენციას.
"როგორც ქალს და მინისტრს, არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი გულისწუხილი იმ ვითარების გამო, რაც ქვეყანაში გვაქვს. რეგულაციების გამკაცრება არ არის ყველაფრის წამალი. განსაკუთრებით, როცა სათამაშო ბიზნესზე ვსაუბრობთ. ხშირად ასეთ ბიზნესში რეგულაციების გამკაცრება იწვევს მის ჩრდილში გადანაცვლებას. ამიტომ მზად ვართ, თუ კი იქნება საზოგადოებრივი დაკვეთა, ვიმსჯელოთ ამაზე. მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს არალეგალური სათამაშო ბიზნესის განვითარება. პრობლემის მეორე და მთავარი ფუნდამენტური გადაწყვეტა არის ის, რომ ხელს ვუწყობთ ქართული წარმოების განვითარებას. რაც მეტი მცირე საწარმო, მეტი სამუშაო ადგილი და მცირე საწარმოები იქნება რეგიონებში, მით ნაკლები დრო დარჩებათ ადამიანებს სათამაშოდ, იქნებიან ჩართულები ყოველდღიურ შრომაში. ეს არის ამის მთავარი წამალი და გზა", - აცხადებს მინისტრი ნათია თურნავა.