პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა. სხდომის მომხსენებლები არიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი; საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო ძალების სტრუქტურას განიხილავს და დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს.
საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში საბჭოს მუდმივი წევრები იღებენ მონაწილეობას, თუმცა დღევანდელ სხდომას არ ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება.