„თბილისობის“ გალაკონცერტზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
საპატიო თბილისელები გახდნენ: გიოზალ დუმოევი – „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს;
გივი მამულაშვილი – „თბილსერვის ჯგუფის“გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული;
ავთანდილ კობახიძე – თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს;
ვალერიან მეთაფლიშვილი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს;
როგნეტა კუჭავა – ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს;
მეია მეგრელიშვილი – თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი;
ნიკოლოზ ლეკიშვილი – თბილისის ყოფილი მერი.
გალაკონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით თბილისის მერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმართა და შვიდ საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.
„გულწრფელად ვამბობ, ამ ქალაქის მსახურებით არ დავიღლები. ჩვენი გუნდი სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ჩართულობითა და გვერდში დგომით აკეთებს ქალაქისთვის საჭირო და სასიკეთო საქმეებს. სწორედ თქვენ გვეხმარებით, რომ თბილისისა და თბილისელების წინაშე არსებული გამოწვევები ღირსეულად გადავჭრათ. თბილისი არის ყველა ადამიანი, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მასზე ზრუნავს და არასდროს ავიწყდება. ეს ქალაქი არის პედაგოგი, ექიმი, მემანქანე, ბაღის პედაგოგი და ა.შ. სწორედ ამიტომ, წელს იმ ადამიანებს ვაჯილდოვებთ, ვინც ჩვენს ქალაქზე ყოველდღიურად, დღე და ღამე ზრუნავს. ეს ადამიანები თბილისისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ, რასაც ყველანი ვხედავთ. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და საპატიო თბილისელის წოდება მივანიჭო მათი ფასდაუდებელი წვლილისთვის ჩვენს ქალაქზე ზრუნვის საქმეში“, – განაცხადა კალაძემ.
„თბილისობის“ გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა და მისი რამდენიმე მელოდია შესრულდა. საღამოში საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები, სახელგანთქმული კოლექტივები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.