თბილისის მერმა კახა კალაძემ, "თბილისობა 2019"-ის ორგანიზებაში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, თბილისელების სახელით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამაყია, რადგან "ქართული ოცნების" წევრია.
„მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც ზურგს მიმაგრებს. ამ გუნდს „ქართული ოცნება“ ჰქვია და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. ნამდვილად მეამაყება, რომ დედაქალაქის მერიას, პირადად მე - კახა კალაძეს, ზურგს უმაგრებს ცენტრალური ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ზუსტად, ასეთი თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქვეყნის განვითარება, ქალაქის მოწესრიგება და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ჩვენ ყველას გვაწუხებს. პირობას გაძლევთ, რომ ერთიანი ძალისხმევით, აუცილებლად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისობასთან დაკავშირებით გამართულ გალა-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას.
გალაკონცერტი, რომელშიც საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები, სახელგანთქმული კოლექტივები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ, ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე გაიმართა. „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები დედაქალაქის სამ სხვადასხვა
ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.