საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მედიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ძალიან უყვარს ეს სფერო და შურს ჟურნალისტების.
„ვერ გავიზიარებ იმ შეფასებას, რომ ძირითადად ჟურნალისტების მიჭირხვნით ვარ დაკავებული. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა მქონდა ჟურნალისტებთან. თუნდაც კვესიტაძესთან მქონდა შეხვედრა, სადაც არ იგრძნობოდა, რომ ჩვენ ნორმებს გადავდიოდით. როდესაც ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტთან მიდიხარ, ძალიან ხშირად გიწევს მძაფრი კითხვების მოსმენა და რეაქციის გაკეთებაც. თუ მე ასეთი შეფასებები მაქვს, ძალიან განვიცდი. ძალიან არ მომეწონებოდა, რომ ჟურნალისტებთან ასეთი დამოკიდებულებით ვიყო. ჟურნალისტებთან ძალიან კარგი პრაქტიკა მაქვს და ბევრი გამოცდილება მივიღე დაწყებული „რეალ-ტივიდან" დასრულებული „რუსთავი 2"-ით. ან თუნდაც, „პირველ არხზე" ბოლოს ძალიან არაორდინარული შეხვედრა მქონდა. მაგრამ მე ვერ მივიღებ შეფასებას, რომ ჟურნალისტებთან მიჭირხვნის პოზიციაში ვარ. საერთოდ ძალიან მიყვარს ჭეშმარიტების ძიება და ამით არ განვსხვავდები სხვა ადამიანებისგან. თავს უფლებას ვაძლევ, რომ თუ რამეს ისე არ ვხედავ, პასუხი გავცე. სულაც არ მსიამოვნებს ჟურნალისტის განაწყენება. მაგრამ, მგონია, რომ ეს ნორმალურია. არ ვფიქრობ, რომ ეს ზღვარს გადასულია", - განაცხადა ივანიშვილმა.
აქვე ივანიშვილმა იმ გადაცემაზეც ისაუბრა, სადაც წამყვანი თავად გახლდათ და აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ძიებაში იყო და ჟურნალისტიკაში სცადა თავი.
„როდესაც პოლიტიკიდან წავედი, ძიებაში ვიყავი, თუ როგორ გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობა და დავხმარებოდი საზოგადოებას. სწორედ ამ ძიების პროცესში ვთქვი, რომ შეიძლებოდა, ჟურნალისტობა მეცადა. თუმცა, მალევე ვთქვი უარი და მათქმევინეს უარი, ისეთი რეაქციები იყო. ეტყობა, შემეშალა რაღაც. ჩემი ჟურნალისტობა არავის მოუნდა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროფესიაა. ძალიან მშურს ჟურნალისტების და ძალიან მოწმონს ჟურნალისტობა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი გადაცემის გაკეთებას სექტემბერში კვლავ გეგმავს.
„სექტემბერში ვაპირებ მსგავსი სახის გადაცემების კვლავ გაშვებას ეთერში, სადაც იქნება ანალიზი. ასეთი ანალიზი მინდა შევთავაზო საზოგადოებას. ვნახოთ, როგორ გამომივა. ჯერ მხოლოდ ამის სურვილი გამაჩნია. მგონია, რომ საზოგადოება ჩემგან ჩემი პოზიციის კარგად ჩვენებას ელოდება. თუ საზოგადოებას შევატყე, რომ ამას არ საჭიროებს, ვერსად ვერ მნახავთ, ვერც ტელევიზიაში და ვერც ჟურნალისტებთან შეხვედრებზე. ძალიან კომფორტულად ვიყავი, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას ტელეკომპანია „ჯიდიესის" შესახებ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ჯიდიესი" ყველაზე ზომიერი ტელევიზიაა.
„ჯიდიესი" ყველაზე ზომიერი ტელევიზიაა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ „ჯიდიესი" ან ჩემს აგიტაციას, ან ხელისუფლების აგიტაციას ეწევა. უფრო გადაჭარბებულები არიან სხვა ტელევიზიები ხელისუფლების კრიტიკით. თუმცა, ასე ჯობია. ღმერთმა ნუ ქნას, პირიქით იყოს. ჯობია, გადაჭარბებული კრიტიკა იყოს ხელისუფლების, ვიდრე არ იყოს საკმარისი. საზოგადოებამ ამას სწორი ანალიზით, აქცენტებით და სწორი ქმედებით უნდა უპასუხოს. რაც კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ჟურნალისტს და მედიას უნდა ჰქონდეს ყველაფრის უფლება", - განაცხადა ივანიშვილმა.