„რუსთავი 2" არჩევნებს უნდა შეხვეს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს. ჩემი აზრით, ასეა და ჩემი სურვილი იქნება ეს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, „რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
ივანიშვილმა ეკა კვესიტაძის დასმულ შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:
„თქვენი სურვილია, რომ სასამართლო პროცესების საჯაროდ განხილვა დავიწყოთ, რაც ძალიან რთულია. ჩემი აზრით, შეუძლებელიცაა. მას თავისი სპეციფიკა აქვს.
რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ახლა ჩვენ, რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად სწორად იქცევა სასამართლო, ამის სურვილიც არ მაქვს. თქვენი დირექტორი ძალიან ხშირად უზრდელობს და ამიტომ გამოაძევეს სასამართლო პროცესიდან. ამის გახსენებაც არ მინდოდა, რადგან მე არ ვაპირებ სასამართლო ქმედების შეფასებას. სასამართლო არის თავისუფალი ორგანო.
ის, რომ სასამართლო მთლიანად იყო მიბმული პროკურატურაზე, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა „იმედში" და რა ვითარებაა ახლა. ახლა სასამართლო პროცესებს ონლაინში უყურებთ და თან ამას „რუსთავი 2" აშუქებს.
საერთოდ შეეგუეთ, რომ სამართალი, კანონი ყველაზე მოქმედებს და თქვენზეც, თქვენს ძველ თუ ახალ მმართველებზეც. მაგრამ, თქვენ ამას ვერაფრით ეგუებით. სადაც კი სამართალი თქვენ მოგაკითხავთ, იქ უკვე „სამართალი აღარ არსებობს".
ვერავინ ვერცერთ საბუთს ვერ მოიტანს დღეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება სასამართლოს აკონტროლებს ან ამის მცდელობა გააჩნია. თქვენს დროს სასამართლო ნოტარიუსად იყო გადაქცეული", - განაცხადა ივანიშვილმა.