logo_geo
eng_logo
ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად საქართველო 120 მლნ ევროს მიიღებს
- +

7 ოქტომბერი. 2019. 20:53

 

 

ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად საქართველო, გერმანიასთან და საფრანგეთთან გაფორმებული 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში, წლეულს 120 მილიონ ევროს მიიღებს. ამას ითვალისწინებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დახმარებით მომზადებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის პირველ ეტაპზე 2018 წელს, გერმანიის მთავრობისაგან 49 მილიონი ევრო, ხოლო საფრანგეთის მთავრობისგან მივიღეთ 25 მილიონი ევრო.  

"დღეს, სწორედ ამ პროგრამის II ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხელს ვაწერთ ორ ხელშეკრულებას KfW-თან და AFD-თან, თითოეული - 60 მილიონი ევროს ოდენობით. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერა ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმებისადმი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. 

​მისი თქმით, გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გერმანია და საფრანგეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

 

ჩვენი თანამშრომლობა გერმანიასთან ხორციელდება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ხოლო საფრანგეთთან - საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და PROPARCO- მეშვეობით. განვითარებისთვის თანამშრომლობაში გაწეული დროული და ეფექტიანი, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისი მხარდაჭერის გამო, თქვენ წარმოადგენთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორებს საქართველოსთვის“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

ფინანსთა მინისტრმა ხაზის გაუსვა ენერგეტიკის სექტორში გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ  „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის“ ფარგლებში KfW-სა და AFD-სგან დამატებით მიღებული ფინანსური რესურსი, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას.

 

მან მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთს რესპუბლიკის მთავრობებს იმ თანადგომისთვის, რომელსაც წლების მანძილზე უწევენ საქართველოს.

 

მაჭავარიანის შეფასებით, ეს პროგრამები ვერ განხორციელდებოდა KfW-სა და AFD-ს ადგილობრივი ოფისების ეფექტიანი და პროდუქტიული მუშაობის გარეშე. საქართველოს მთავრობას კარგი ურთიერთობა აქვს ორივე წარმომადგენლობის გუნდთან და თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო ფართოვდება. მინისტრი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა  მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.  

როგორც "რეპორტიორს" ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, 1992 წლიდან, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სექტორში დაფინანსებისთვის გამოყოფილია, ჯამურად, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით. ​AFD-ს და PROPARCO-ს წარმომადგენლობა საქართველოში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. თანამშრომლობის პერიოდში უკვე, დაახლოებით, 400 მილიონი ევრო გამოიყო, სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner