ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კითხვაზე, რა ვერ შეასრულა მმართველმა გუნდმა დღეს და რით არის ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო, უპასუხა, რომ იგი საკონსტიტუციო სასამართლოსგან უფრო მეტს ელოდა. აქვე აღნიშნა, რომ მათ ქვეყანაში არსებული სიტუაცია რადიკალურად შეცვალეს და არსებულ პრობლემებს კარგად გაართვეს თავი.
„მე დავაფუძნე საზოგადოება „20/30" და მქონდა უფრო მეტის იმედი. მინდოდა, რაღაც ცენტრი გაჩენილიყო, ჩამოყალიბებულიყო საზოგადოების კრიტიკული მასა, რაზეც სწორებას გააკეთებდა დარჩენილი საზოგადოება. ძალიან ვცდილობდი და არ მომწონს ის შედეგი, რაც მივიღე. ვერ შევძელი თუ უბრალოდ არ შეიძლებოდა უფრო მეტი, რთულია ანალიზი. ვფიქრობ, საზოგადოებას სჭირდება ზოგადად მსგავსი ორგანიზაცია თუ საზოგადოება, რომელზეც შეძლებს გააკეთოს ორიენტაცია და გაჰყვეს მას.
ასევე, 4 წლის განმავლობაში მეგონა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოახერხებდა უფრო მეტს. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. ამასაც აქვს თავისი ობიექტური და ალბათ, სუბიექტური მიზეზებიც. შეიძლება გავიხსენოთ სხვა ბევრი წვრილმანი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა უკეთ. პრინციპულად, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი და ამას ყველა მიხვდება, ვისაც ანალიზის უნარი აქვს. იქ, სადაც ჩვენ ვიყავით და იმის გაგრძელებით, რაც შეიძლებოდა, რომ მიგვეღო, სადაც დღეს ვართ, მინდა ვთქვა, რომ საოცარი გარდაქმნა მოხდა საზოგადოებაში. ჩვენ საოცრება მოვახდინეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ვფიქრო, ძალიან წარმატებულად გავართვით თავი ძალიან ბევრ პრობლემას. დიქტატურისკენ მიმავალი ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე გადმოვიყვანეთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.