ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი” საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად საუბარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიას წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მის შესაძლებლობებზე.
სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ გიორგი გახარიას წინ რთული გზა ელის. ამ გზის გავლის უნარი შესწევს, თუმცა ამას დრო და ქართველი ხალხის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასჭირდება.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას გახარიამ, რუსეთთან ურთიერთობებში და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებაში არსებული ფორმატების „ჭკვიანურად და რაციონალურად“ გამოყენებისკენ მოუწოდა მთავრობას. ის აცნობიერებს, რომ ღია სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მას ასევე ახსოვს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციას წინ უძღოდა კიბერშეტევა, რომელმაც გაანეიტრალა საქართველოს მთავრობა და ფინანსური ინსტიტუტები.
სტატიის ავტორის შეფასებით, გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე. რუსეთი წარმოადგენს უმთავრეს, თუმცა არა ერთადერთ პრობლემას უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მდგომარეობა რეგიონში არ შეიცვალა, მხოლოდ დროის საკითხია, რომ აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებმა რეგიონში ყურადღება საქართველოზე გადაიტანონ.
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო კიდევ ერთხელ აღდგა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამდგრად, ფეთქებად გარემოში. საქართველოს სათავეში უდგას სტაბილური და დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირების განსამტკიცებლად, განსაკუთრებით ბოლო წლებში, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ გზაზე სვლა შესაბამის უნარებს და სიზუსტეს მოითხოვს.
11 სექტემბრის მოვლენებზე ამერიკის პასუხის და ერაყში საომარი მოქმედებების მხარდაჭერის მიზნით საქართველომ ავღანეთსა და ერაყში 3500 მებრძოლი გააგზავნა. 2008 წელს კი რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დაიკავა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
სწორედ ამაზე მიუთითებდა გიორგი გახარია სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნისას: „საქართველოს ეკონომიკის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20% არის ოკუპირებული - ამაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი“.
ბატონმა გახარიამ ასევე მკაფიოდ დაადასტურა, რომ აშშ არის საქართველოს უახლოესი მოკავშირე და რომ საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
1400-ზე მეტი წლის განმავლობაში საქართველომ გამოზარდა დიდი ლიდერები, რომლებმაც ერთ მუშტად კრავდნენ ქვეყანას და კრიტიკულ მომენტში ამარცხებდნენ მტერს. იმავე დროის განმავლობაში საქართველოს გადატანილი აქვს შიდა დაპირისპირებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. დღესაც შიდა ბრძოლა დომინირებს ქართულ პოლიტიკაში და ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას", - ნათქვამია სტატიაში.