logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ჟენევის დისკუსიებზე დღეს ყველა ის პრობლემატური თემა განიხილება, რომელიც...
- +

9 ოქტომბერი. 2019. 11:52

 

„ჟენევის დისკუსიებზე დღეს ყველა ის პრობლემატური თემა განიხილება, რომელიც  განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო პერიოდში“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

 

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მათ შორის საუბარი შეეხება როგორც საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს, ასევე სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს.

 

„დღეს გაიმართება ჟენევის მილაპარაკების მორიგი რაუნდი. იცით, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა გუშინ ჩვენს პარტნიორებთან მთავარ საკითხებზე, რომელსაც ქართული მხარე ამჯერად დააყენებს.

 

ძირითადი თემები, რომელიც წარმოადგენს ჟენევის დღის წესრიგს, რა თქმა უნდა, იქნება განხილული, ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და დევნილთა დაბრუნების საკითხი – ეს არის ცენტრალური საკითხები, ამავდროულად, ყველა ის პრობლემატური თემა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო პერიოდში, დაწყებული ჩვენი თანამოქალაქეების დაკავებებიდან, რაც არ არის ახალი პრაქტიკა, დასრულებული ჩორჩანას ირგვლივ შექმნილი სიტუაციით“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

 

სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ დისკუსიის ყველა მონაწილე გააცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

 

„მაქვს დიდი სურვილი და იმედი, რომ ამ რაუნდის ფარგლებში გააცნობიერებს ყველა მონაწილე, რაოდენ მნიშვნელოვანია გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ერთადერთი გადასასვლელი გაიხსნება. ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა. ათობით ადამიანი გვიკავშირდება. რა თქმა უნდა, ჟენევის პლატფორმა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ეს დამატებითი შეფერხებები მოიხსნას, რადგან ამ შეზღუდვებით ადამიანების სასიცოცხლო ინტერესები დაზიანებულია“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

 

ამასთან, მისი თქმით, საუბარი არ არის ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებაზე.

 

„არ ვსაუბრობთ საგუშაგოს აღებაზე. იცით, როგორ და რატომ განთავსდა და ლეგიტიმურია საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი პუნქტის განთავსება. მით უფრო, ეს არის კონტროლირებადი ტერიტორია. აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ევროკავშირის მისიამ გააკეთა ცალსახა განმარტება ამის თაობაზე და ეს საგუშაგო და პოსტი პირველ რიგში, ემსახურება უსაფრთხოებას და არა რამე ტიპის რისკების წარმოქმნას. ამიტომ, იმედი მაქვს, ამ საკითხის ირგვლივ ხელოვნურად თუ გაუგებრად წარმოქმნილი აჟიოტაჟი და დაძაბულობაც  დაცხრება“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ამასთან, როგორც სახელმწიფო მინისტრი ამბობს, მიამიტური მოლოდინები არ გააჩნია.

 

„საკითხი იქნება ძალიან პრინციპული, მნიშვნელოვანი და დაველოდოთ. წინასწარ არ მინდა არანაირი შეფასებების გაკეთება, მოგვიანებით შესაძლებელია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

 

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner