„ხელისუფლებამ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა გაკეთებულიყო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ტყიბულში მეშახტეების გაფიცვაზე საუბრისას აცხადებს და აქვე აღნიშნავს, რომ ახლა მთავარია, პროცესებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლოს.
როგორც ჩაფიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, იგი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ ხნის მანძილზე იმყოფებოდნენ ტყიბულში და ხელს უწყობდნენ მოვლენების დადებითად განვითარებას.
„ხელისუფლების წარმომადგენლები ჩართული იყვნენ ამ პროცესში. მათ ჰყავთ მივლენილი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მედიაციის პროცესში იღებს მონაწილეობას. თქვენ ნახეთ სახალხო დამცველი. ადგილზე ჩავიდა პრეზიდენტის წარმომადგენელი, ბატონი კახა კოჟორიძე. არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ადგილზე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომელთა ადგილზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოვლენების სწორი სცენარით განვითარებაში. აქედან გამომდინარე, უბრალოდ, მინდა მოვუწოდო ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს, ახლა დადგა დრო, როდესაც უნდა გადავიდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, განვიხილოთ თითოეული მოთხოვნა, რომელიც დააყენეს მეშახტეებმა. კომპანიის წარმომადგენელს ვუსმინე და მან თქვა, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით კომპანია მიდის დათმობაზე და მზად არის, ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. უბრალოდ, ისინი ითხოვენ გარკვეულ ვადებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვინდა, რომ საწარმომ გააგრძელოს მუშაობა და მეშახტეები გამოვიდნენ გამარჯვებულები", - განაცხადა ჩაფიძემ.