logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები, იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედია გარემო იყოს უზრუნველყოფილი
- +

9 ოქტომბერი. 2019. 13:22

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა რეგიონში მედიის თავისუფლების გაძლიერების თემაზე, სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ოფისის ორგანიზებით ტარდება.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

 

„უკვე მე-16 წელია ეს კონფერენცია კავკასიის რეგიონისთვის ტარდება, შესაბამისად, ჩვენ და ჩვენს მეზობლებს, სომხეთს და აზერბაიჯანს, უკვე დიდი ხანია გვაქვს შესაძლებლობა, რომ  ვისაუბროთ ქვეყანაში მედიის კუთხით არსებულ პროცესებზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

 

გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ მედიაგარემოზე, რომელიც უკიდურესად კონტროლირებადი და შეზღუდული იყო, ეროვნული მაუწყებლების დონეზე, ძალადობრივ აქტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კერძო კომპანიებისა და  მათი მფლობელების მიმართ, მათ შორის პოლიციის სპეციალური საშუალებების გამოყენებით, ჟურნალისტებზე ძალადობაზე და ა.შ.

 

თამარ ჩუგოშვილმა გამოსვლისას, ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა.

 

„ვინაიდან პარლამენტს წარმოვადგენ, ძირითადად, საუბარი მქონდა სწორედ, იმ ცვლილებებზე, რომელიც შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტი, რომელიც უკვე ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვისაუბრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელმაც ახლა შეიძინა კონსტიტუციურად დაცვის გარანტიები ასევე, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც საერთო ჯამში, უნდა უზრუნველყოს მედიის გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. მე, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი, პირველ რიგში საკანონმდებლო გარემოზე ვსაუბრობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები, იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედია გარემო იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის გამოწვევები არაეთიკური, ყალბი, გადაუმოწმებელი, დაუბალანსებელი, არაფაქტობრივად გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების და მედიაწიგნიერების დაბალი დონის მიმართულებით.

 

„თუმცა, საქართველო ნამდვილად მაგალითს აძლევს რეგიონში სხვა ქვეყნებს და ასე უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner