ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე, კითხვას, სახელმწიფოსთვის განათლება, მეცნიერება და განვითარებული ტექნოლოგიები უნდა იყოს თუ არა პრიორიტეტული - უპასუხა, რომ მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია წარმატების მიღწევა, ამიტომ აღნიშნული საკითხი აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული.
„პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ განათლების მინისტრის შეცვლა და უკეთესის ძიების პროცესი შეიძლება მივიჩნიოთ იმის მაგალითად, რომ გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია, წარმატებას მიაღწიოს და სწორი გზით წაიყვანოს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა დაიხარჯოს შესატყვისი რესურსი. ერთია, რომ ასეთი ეკონომიკის პირობებში მაინც პრიორიტეტად ჯანმრთელობის დაცვა ავირჩიეთ და ყველაზე დიდი თანხები ჩვენ ჯანდაცვისკენ მივმართეთ. „ტექნოპარკის" არსებობაც არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რაზე აკეთებს აქცენტს სახელმწიფო. სოფლის მეურნეობა ვერ იქნება ეკონომიკის ორთქლმავალი და ასეთი ქვეყანა ვერ ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიგში. მაღალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული ეკონომიკა, შესაბამისად, განათლება სჭირდება ამ ყველაფერს. ამიტომ არსებული პროპორციები ბიუჯეტში უნდა დაირღვეს და ძირითადი ნაწილი მოხმარდეს განათლებასა და მეცნიერებას. განათლება და მეცნიერება აუცილებლად უნდა გახდეს პრიორიტეტული", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.