„ლარის გაუფასურების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ზარალი მიმდინარე წელს 6-6.5 მილიონი ლარი იქნება“,- ამის შესახებ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უწყების ხარჯების 85 პროცენტი გარე დაფინანსებაზე მოდის, რაც ევროსა და დოლარის ზონას მოიცავს.
„დღეისთვის კურსთაშორის სხვაობამ 4.5 მილიონ ლარს გადააჭარბა. წელს ალბათ დავხურავთ ისე, რომ კურსთაშორის სხვაობით მიღებული ზარალი იქნება 6-6.5 მილიონამდე. ეს დამოკიდებულია იმაზე, სამი თვის განმავლობაში რა კურსი იქნება”, – აღნიშნა ნინუამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, სწორედ ვალუტის კურსია უწყების 2020 წლის ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი. მომავალ წელს 136.5 მილიონი ლარის ნაცვლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 159 მილიონი ლარი იქნება.
ნინუას ინფორმაციით, მომავალ წელს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ხელფასები არ იზრდება, თუმცა გათვალისწინებულია თანამშრომლებისთვის მინიმალური დაზღვევის შემოღება.
ასევე, ხუთ ქვეყანაში იგეგმება გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების გაზრდა.
„ეს ქვეყნებია მალაიზია, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ირლანდია, სლოვენია, სადაც ბოლო 4-5 წელიწადში სამომხმარებლო კალათის მკვეთრი გაძვირება მოხდა“, – განაცხადა მიხეილ ნინუამ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.