ავტორი სოფო ხუგოიანი
ჯანი იზორია, 20 წლის ქართველი მომღერალია, რომელსაც ქართველი მსმენელი არ იცნობს. იტალიაში „Gifon"-ის ფესტივალის გამარჯვებულია, ხოლო ესპანეთში „Reality-star"-ის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. ამჟამად მომღერალი მოსკოვში იმყოფება.
ჯანი „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა, რადგან აფასებენ ნიჭიერ ადამიანებს და კარიერის გაგრძელებას სწორედ იქ აპირებს. ჯანი კლასიკურ მუსიკას ასრულებს, პოპ-კლასიკას, Bocellis სტილში.
- საქართველოში რომელიმე მუსიკალურ კონკურსში თუ გიცდიათ ბედი?
- საქართველოში „X ფაქტორში" 2014 წელს და „ჯეოსტარში" 2011წელს მივიღე მონაწილეობა, სადაც მითხრეს, რომ მათ კლასიკური მომღერლები არ სჭირდებათ.
- ამიტომ წახვედით საქართველოდან?
- დედა იტალიაში ცხოვრობდა და მეც მომეცა საშუალება, წავსულიყავი. მიმიყვანა Maestro Sergio Voccias-თან, რომელთანაც 7-თვიანი მასტერკლასი მქონდა. იტალიაში გიფონის ფესტივალზე გავიმარჯვე 2013 წლის მაისში. ამის შემდეგ 2013 წლის ივლისში ესპანეთში „Reality-stari"-ის წარმომადგენელმა ქალბატონმა ნატალი სტიუარტ-ფოქსმა მომწერა და კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა, სადაც მეორე ადგილი დავიკავე.
- როგორც ვიცით, დღეს მოსკოვში ცხოვრობთ. რატომ წახვედით ამ ქალაქში?
- აქ სათანადოდ აფასებენ ნიჭიერებას და მსიამოვნებს, როცა აქაური ხალხი მიკრავს განსაკუთრებულ ტაშს. მოსკოვში დამხვდა ზაზა გაბედავა, ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, ის დიდ ყურადღებას იჩენს ნიჭიერი ადამიანების მიმართ, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მას. სამომავლოდ აქ მოღვაწეობას გავაგრძელებ და ვაპირებ მონაწილეობის მიღებას რუსულ „Voice"-ში.
P.S. „რეპორტიორი" წარმატებებს და შემოქმედებით წინსვლას უსურვებს ახალგაზრდა მომღერალს.