„დელიმიტაცია ვერ მოხდება საზღვრის ვერც ერთი მონაკვეთის, სანამ ორივე მხარე ხელს არ მოაწერს. ეს არის ცალსახად შეთანხმების საგანი და შეთანხმების გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტის არანაირი პრაქტიკა არ არსებობს“, - განაცხადა ტელეკომპანია „ იმედის“ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა დავითგარეჯის თემასთან დაკავშირებით.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ვნებათაღელვა, რომელიც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით არსებობდა, იყო გადაჭარბებული არასწორი ინფორმაციის გამო. მისივე თქმით, საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა ნებისმიერი განცხადება აღნიშნულზე დიდი სიფრთხილით იყოს გაკეთებული.
„სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვა იყო, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ არ არის ინფორმაცია სწორად მიტანილი. ეს პუნქტი არ არის გახსნილი უშუალოდ სასაზღვრო ზოლთან, არის უფრო სიღრმეში, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ქართულ მხარეს არასდროს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ფრთხილი საკითხია და იმდენად მგრძნობიარე , რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც დავითგარეჯთან დაკავშირებით კეთდება ან ერთი ან მეორე მხრიდან, სასწრაფოდ მიდის საზოგადოების ყურამდე, იმიტომ, რომ ეს არის თემა, რომელსაც ნამდვილად ჭირდება განსაკუთრებული მიდგომა. ჩვენ თუ გვინდა, რომ დაკმაყოფილებული იყოს ჩვენი მომლოცველების და საპატრიარქოს ინტერესები, უნდა ვიყოთ მოზომილები. მათ შორის განცხადებებში. ეს ასე ჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეს კარგად ესმით აზერბაიჯანშიც, სადაც ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა პრემიერ გახარიას ვიზიტს. ესეც ადასტურებს იმას, რომ არსებულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პოზიტიურ ძვრებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.