„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, "თი ბი სი ბანკის" საქმის წინასასამართლო სხდომაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბანკირი ცდილობს საქმე პოლიტიკურ დევნად გაასაღოს, რითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურს.
გიორგი გაჩეჩილაძის მოსაზრებით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიზანი სასამართლოს დისკრედიტაცია იყო. მაგრამ ქართულ მართლმსაჯულებას ყველაზე ავტორიტეტულმა ინსტანციამ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არა მარტო მაღალი შეფასება მისცა, არამედ მიუთითა, რომ იყო მოსამართლეების დისკრედიტაციის მცდელობა.
"ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც ადამიანებს იცავს. როგორც ჩანს, ხაზარაძეს თავდაცვის ეს ტაქტიკა აქვს არჩეული. ის ცდილობს, საქმე პოლიტიკურ დევნად გაასაღოს და ამით საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. აქ შეიძლება გავიხსენოთ „რუსთავი 2"-ის საქმე, თუ რა აჟიოტაჟი ჰქონდა ატეხილი ოპოზიციას. მაშინაც ამბობდნენ, რომ საქმე პოლიტიკურია, რომ მოსამართლეები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ. მათი მიზანი სასამართლოს დისკრედიტაცია იყო “, - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კონტექსტს ამოფარებული ბიზნესმენი ვერ გაექცევა სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები დადასტურდა, ხოლო პოლიტიკურ სპეკულაციებს მისი ამომრჩეველი შეაფასებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და ბადრი ჯაფარიძის სისხლის სამართლის საქმის პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტყუილების ქვეყანა შექმნა.
როგორც ხაზარაძე ამბობს, თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ტყუილები დაამარცხოს.