მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის ინიციატივით, ჩატარდა სამსახურთან არსებული, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და საველე მეთაურთაგან შემდგარი საკონსულტაციო-სათათბირო საბჭოს სხდომა.
ვლადიმერ იმნაძემ განიხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც სამსახურის ძალისხმევის მიუხედავად, ვეტერანების წინაშე დგას და რომლებიც მთავრობის მხარდაჭერით, ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას; როგორც ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, სოციალურ, ჯანდაცვის, ვეტერანთა დასაქმებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, რადგან ამ კუთხით, ძალიან ბევრია გასაკეთებელი.
სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ამურ რევიშვილმა გააკეთა ვრცელი მოხსენება უწყების მიერ 9 თვის განმავლობაში, სოციალური და ჯანდაცვის კუთხით ჩატარებული სამუშაოების შესახებ. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ხურციძემ დამსწრეთ მოახსენა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც მთავრობაში წარდგენილია და რომელთა გადაწყვეტაზეც შესაბამისი უწყებები მუშაობენ. ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ბზიკაძემ შეკრებილთ დეტალური ანგარიში წარუდგინა სამსახურის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ.
ყურადღება გამახვილდა ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. განიხილეს უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი, პრიორიტეტები და დასახეს სამომავლო სამოქმედო გეგმები.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, უწყების პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.