„უკვე რამდენიმე წელია, პრესის, ტელევიზიისა თუ სოციალური ქსელის მეშვეობით მომხმარებლები ავრცელებენ ფოტოებს პიროვნებისა, რომელიც გამვლელებს თავს აფხაზეთის ომის მონაწილედ და მაიორად აცნობს, ატარებს სამხედრო ფორმას და ითხოვს მოწყალებას, რაც საზოგადოების თვალში იწვევს სახელმწიფოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკას და მწვავე, უარყოფით რეაქციას“, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
„აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია დათო გიორგაძე. იგი სისტემატიურად ჩნდება თეატრებთან, კინოთეატრებთან, საკონცერტო დარბაზებთან, დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში, მუნიციპალურ ტრანსპორტში, ასევე, საზოგადო მოღვაწეთა პანაშვიდებზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა განმარტება არა ერთგზის გააკეთა, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ინტერესი დიდია და ამ თემის და ამ ე.წ. „ვეტერანთან’’ დაკავშირებით უამრავი კითხვაა, უწყება მართებულად მიიჩნევს, კიდევ ერთხელ გააკეთოს განმარტება ამ საკითხზე, რათა პოლიტიკური ჯგუფებისა და კონკრეტული პიროვნებების მხრიდან დასრულდეს ამ თემით სპეკულაცია.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, არც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ომის მონაწილე და არ ირიცხება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. დათო გიორგაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული და რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებს უარი განუცხადა ვეტერანის სტატუსთან დაკავშირებული ეტაპების გავლაზე, რაც რეგულირდება შესაბამისი კანონით და მოითხოვს მტკიცებულებებს და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ მოწყალების თხოვნა მისი ცხოვრების და შემოსავლის მიღების წყაროა და საომარ კონფლიქტებში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისი მოგონილი.
ე.წ. „ვეტერანი“ გიორგაძე არის თვითმარქვია ადამიანი, რომელიც სამხედრო ფორმას ანგარების მიზნით, საზოგადოებაში სიბრალულის გამოწვევის მიზნით იყენებს! არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად, გაეხადა ფორმა და დაესრულებინა სამხედრო ფორმის შეურაცხყოფა, აღარ შეეყვანა საზოგადოება შეცდომაში, იგი კვლავ აგრძელებს უღირს ქმედებას.
გასულ წელს, აპრილში, ბატონი გიორგაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში იმყოფებოდა შსს-ს თანამშრომელ, სვეტლანა ჩხვიმიანთან ერთად (რასაც ქალბატონი სვეტლანა თავადაც დაადასტურებს). ქალბატონი სვეტლანა აღნიშნულმა პირმა შეიყვანა შეცდომაში, რომ იყო ომის მონაწილე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მასზე არ ზრუნავდა. ქალბატონი სვეტლანასთვის მოულოდნელი იყო ის მოვლენები, რაც მისი და გიორგაძის უწყებაში მოსვლას მოჰყვა - ბატონი გიორგაძე, კითხვაზე, თუ სად, რომელ სამხედრო შენაერთში იბრძოდა, ასახელებდა სხვადასხვა შენაერთებს და მეთაურებს - ჩვენი სამსახურის წარმომადგენელმა დარეკა მის მიერ დასახელებულ პირებთან - გენერალ გია ყარყარაშვილთან, ემზარ კვიციანთან, ზურაბ ადუაშვილთან და მათი პასუხი - რომ აღნიშნული პიროვნება მათ შენაერთში არასოდეს ყოფილა და არც საომარ მოქმედებებში მიუღია მონაწილეობა, არა მხოლოდ ქალბატონმა სვეტლანამ, არამედ ძალიან ბევრმა სოციალური ქსელის FACEBOOK-ის მომხმარებელმა მოისმინა, ვინაიდან ქალბატონი, როგორც შემდგომ გაირკვა, სამსახურში ამ საკითხთან განვითარებულ მოვლენებს, „LIVE“-რეჟიმით გადასცემდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გააჩნია იმის დამადასტურებელი ვიდეომასალაც, რომ ბატონი გიორგაძე ცრუობს. ვიდეო გადაღებულ იქნა ქალბატონ სვეტლანა ჩხვიმიანთან ერთად მისი სამსახურში მობრძანების დროს, თუმცა, ეთიკური თვალსაზრისით, დღეს ამ ვიდეოს არ ვაქვეყნებთ.
ჩვენი სამსახურის თანამშრომლებმა, ვეტერანებმა, კიდევ ერთხელ მისცეს გაფრთხილება ბატონ გიორგაძეს, დაედო პირობა, რომ გაიხდიდა სამხედრო ფორმას და შეწყვეტდა ვეტერანის სახელით სპეკულაციას. უფრო მეტიც, მათ გიორგაძეს დახმარებაც კი შესთავაზეს, ახალი სამოსის სახით, რაზედაც გიორგაძემ უარი განაცხადა! მას, ასევე, შესთავაზეს სამსახურიც, მაგრამ მან ამაზეც უარი განაცხადა! ჩვენი სამსახურის წარმომადგენელი დაუკავშირდა გიორგაძის ოჯახის წევრებს, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ გიორგაძეს სხეულზე ჭრილობები, ოჯახში, ხანძრის დროს და პირადი უთანხმოებისას ჰქონდა მიღებული და რომ მას არანაირ საბრძოლო მოქმედებაში არასოდეს მიუღია მონაწილეობა!
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური იმედს იტოვებს, რომ აღნიშნულ საკითხზე განმარტების გაკეთება აღარ მოუწევს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.