„გამგებელთა უმრავლესობას კვალიფიკაცია აკლია", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ყოფილმა პრემიერმა რეგიონებში თანამდებობის პირების, მათ შორის გამგებლების კვალიფიკაციის დონეზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა.
„დაგეთანხმებით, რომ კვალიკაციის პრობლემა გვაქვს. ვახსენებ ადილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, რომელსაც გუნდში მოწინააღმდეგები ჰყავდა, მაგრამ კბილებით გავიტანეთ. დღესაც ძალიან ბევრი შფოთავს, გამგებელს ვერაფერს ვუხერხებთ, არავის არაფერი ესმისო. გასაგებია, მაგრამ ამდენი მცოდნე გამგებელი საიდან უნდა მოიყვანო უეცრად|? ეს გამოცდილება რეგიონებში არ იყო, მაგრამ თუ გვინდა იყოს მომავალში, ამ უბედურებასაც ვიტანთ... ზოგმა კანონით მინიჭებული უფლებები ზედმეტად გამოიყენა, მაგრამ ხელს ვერ შეახებ, რადგან არჩეულია. მათ აკლიათ კვალიფიკაცია, შეურაცხყოფად არ მიიღონ, მაგრამ უმრავლესობას მართალაც აკლია კვალიფიკაცია, არ აქვთ მართვის გამოცდილება, არ იციან ეკონომიკა კარგად", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, შეცდომები იყო, მაგრამ არჩევანი ოპტიმალური გაკეთდა.
„ბევრი ადამიანი ობიექტურად განაწყენებულია და ძალიან ბევრი გმობს არჩევანს, რომ უკეთესები გარეთ დარჩნენ... შეცდომებიც ალბათ იყო, მაგრამ ოპტიმალური არჩევანი გაკეთდა. მარტო მთავრობისგან მოვითხოვოთ და ვცემოთ, არ გამოვა ასე... დღეს მთავრობა ჭეშმარიტად ხალხის სამსახურშია, რომელიც ზედმეტად ცუდ პირობებში გვყავს ჩაყენებული. ვერავინ იტყვის, რომ კორუფციაა. რეგიონებში, გეთანხმებით, რომ ეს პრობლემა არსებობს. ამას სჭირდება ის, რომ განათლებას მეტი ყურადღება მივაქციოთ. მაგრამ ასეთ რთულ პირობებშიც კი ძალიან ეფექტური მთავრობა გვყავს", - განაცხადა ივანიშვილმა.