პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, გურჯაანის ღვინის ფესტივალს ეწვევა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიწვევით ფესტივალს ესპანეთის, ლიეტუვის, უკრაინის, სლოვაკეთის, ბელარუსის და ესტონეთის დელეგაციებიც დაესწრებიან.
როგორც "რეპორტიორს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, "გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019"-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი წელს უკვე მესამედ გაიმართება, რომელიც წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინის, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 150-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინის, ჭაჭისა და სხვა სასმელების გამოფენას ტრადიციულ კერძებთან ერთად.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ: დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი; მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში; დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები; მოისმინონ ქართული პოლიფონიური სიმღერები.