მისი შემოქმედების ძირითადი თემა ქალაქია, ის დეტალები, რომლებიც სხვათათვის იქნებ არაფერს ნიშნავს, ლეონიდ სემეიკოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მას ხშირად ჰიპერრეალისტს უწოდებენ, – ამ დროს ობიექტი ზედმეტად დეტალიზებურია, რათა შექმნას იმის ილუზია, რაც სინამდვილეში არ არსებობს. სემეიკოს ნახატებით ამას ვერ ვიტყვით, რადგან ის, რაც მხატვარს ტილოზე გადააქვს, რეალურად არსებობს ან არსებობდა შემოქმედებით პროცესში. როგორც მოგახსენეთ, ლეონიდ სემეიკოს შთაგონების წყარო ქალაქებია და სასიამოვნოა, რომ ამ ქალაქებში ერთ-ერთი მთავარი მისი მშობლიური თბილისია, სადაც დაოსტატდა, როგორც ხელოვანი, სადაც დაოჯახდა დიდებულ ქართველ ქალბატონზე და იმდენად „მოიწამლა“ საქართველოს სიყვარულით, რომ ეს გრძნობა აქამომდე არ განელებია.
დღეს დიდებულ მხატვარს და პიროვნებას ლეონიდ სემეიკოს 70 წელი შეუსრულდა. მრავალჟამიერ, ბატონო ლეონიდ!