logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო უწყების კომენტარი „აფხაზურ - ავსტრიული საზოგადოების“ დაარსებაზე
- +

12 ოქტომბერი. 2019. 17:29

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოება დააარსეს.

 

აღნიშნული საკითხის გასარკვევად „პირველი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

მათივე თქმით, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქმე გვექნება არა ავსტრიის ოფიციალურ მხარესთან არამედ კერძო ინიციატივასთან.

 

„ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ავსტრიის ხელისუფლება ურყევად ატარებს არაღიარების პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმების მიმართ. ამ კონკრეტულ შემთხვევას, რაც შეეხება თუ ეს ფაქტი დადასტურდა, საქმე გვექნება კერძო ინიციატივასთან, რომლის მსგავსსაც არაერთხელ ჰქონია ადგილი სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და მას არაფერი ექნება საერთო ავსტრიის ოფიციალურ მხარესთან", - განუცხადეს „პირველს“ საქართველოს საგარეო უწყებაში.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოება დააარსეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის უწყებაში განმარტავენ, რომ ორგანიზაციის შექმნის მიზანი „აფხაზეთსა და ავსტრიას შორის კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, განათლების, ტურიზმის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიტანაა მსოფლიოსთვის“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner