logo_geo
eng_logo
შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული
- +

12 ოქტომბერი. 2019. 21:17

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

 

„ხაშურში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დაკავებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

შესაძლო ძალადობის თაობაზე 2012 წლის შემდეგ რაიმე მიმართვა/განცხადება პოლიციის დანაყოფებში არ ფიქსირდება.

 

შესაბამისად, პოლიციის მხრიდან არ მომხდარა ძალადობის განმეორების რისკების შეფასება, რომელიც 2018 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

შსს-მ ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner