ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
აკადემია უპასუხებს!
***********************
მეგობარ-მეზობელ აზერბაიჯანში გარეჯთან დაკავშირებულ მოვლენებისადმი მიძღვნილი წერილი გამოქვეყნდა.
დიდი ვერაფერი. უბრალოდ, ნაზავია უცოდინრობის, უტაქტობის და... ელემენტარული პრიმიტივიზმია თავის მინიშნებებით.
მე რომ მკითხონ, ვიტყვი: არ ეკადრება მეზობელი და მეგობარი ქვეყნის ჭეშმარიტ ინტელიგენციას - მეცნიერებს, პუბლიცისტებს, ასევე, სიბრძნით ცნობილ პოლიტიკოსებს ასეთი „აცუნდრუკება“ (არ ვიცი, აზერბაიჯანელ ძმებს ამ სიტყვის ადექვატური ტერმინი აქვთ თუ არა)...
მაგრამ ყურადღება მაინც უნდა მიექცეს. ბოლომდე რომ არ გაჯეჯილდნენ შინაური თუ გარეული პროვოკატორები, თანაც, ტრადიციული(!) ქართული კომპეტენციით და კულტურით. მეცნიერებათა აკადემია, როგორც ამ ცოტა ხნის წინ, ამას უეჭველად და ღირსეულად გააკეთებს.
პირადი მოსაზრებების გასაჯაროებაც მიზანშეწონილად მეჩვენება, სათანადო ტაქტით და ატრიბუტიკით.
ხაზგასმით სათქმელია: პატრიარქისადმი მიმართვაში ავტორი უბრალოდ უზრდელია! არცერთი ნორმალური ქართველი მეზობელი ქვეყნის სულიერი მამებისადმი ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას არ აკადრებს საკუთარ თავს. რას იზამ, ყველა ვიგინდარას ვერ მოთხოვ ოჯახიშვილობას.
თუ საგნებს თავის სახელს დავარქმევთ, მაშინ აშკარაა, რომ ე.წ. „გავრილოვის ისტორიასთან“ დაკავშირებით ავტორი აშკარად უმეცარი და სრული იდიოტია.
რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ომის მუქარას, რასაც მიანიშნებს ავტორი, რა თქმა უნდა, ელემენტარული სისულელეა, და არა მარტო...
აშკარაა, წაკითხულის აღქმის პრობლემა აქვს ავტორს.
ხოლო პუბლიკაციის ბოლო აბზაცი კი მართლა მუქარაა ავტორის(?), დამკვეთის(!) ან რედაქტორ-გამსწორებლის(!) მხრიდან, პლუს - აშკარა პროვოკაცია და წაქეზება. სხვადასხვა ჯურის ასეთი თავქარიანები ყველგან - შინ და გარეთ, ქმნიან პრობლემებს. მთიანი ყარაბახის, აფხაზეთის, სამაჩაბლოს პრობლემები ამ უტვინობის შედეგია.
ვიმეორებ: ჩვენი ისტორიკოსები გასცემენ ამ „შედევრს“ პასუხს. ჩვენ კი მშვიდად, დინჯად, გაწონასწორებულად...
ოღონდ, ქალბატონი სალომე და მინისტრი ზალკალიანი მარტო არსად არ გავუშვათ. რაღაც უბედურებას კიდევ გადაგვკიდებენ აუწონელი და უცოდინარი კეკლუცობით...