ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
პოლიტჯამბაზების სეირი გრძელდება
***************
სამი წლის წინანდელი პუბლიკაცია „ამომიგდო“ ფეისბუკმა. არჩევნების შემდეგ გამომიქვეყნებია.
ინტერესით წავიკითხე. გულისტკივილით სავსე წერილია. კიდევ უფრო „დავმძიმდი“, თავს გამოვუტყდი: დანახვით კი დამინახავს, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მსუბუქად შემიფასებია არჩევნების შემდგომი პირველი დღეების ატმოსფერო. არამცთუ „გაკეთილშობილდა“ და განთავისუფლდა „მძიმე“(!!!) ემოციებიდან პოლიტიკური (და არა მარტო) რიტორიკა, არამედ გახდა უფრო უხეში, დაუფარავად უხამსი, აშკარად ბილწი, ზღვარგადასული სიძულვილით სავსე და პიროვნულად შეურაცხმყოფი.
ტელეეკრანიდან და რადიოეთერიდან ისეთი დედის გინება ისმის, გაზეთებში ისეთ ეპითეტებს წაიკითხავ, რომ თუ თავზე რამდენიმე ღერი თმა შეგრჩა, ისიც ყალყზე დაგიდგება...
განსაკუთრებული მონდომებით ასხამენ ცეცხლზე ნავთს ყოფილი (2012 წ.) კოალიციის წევრები. მათ არ ჩამორჩებიან გამარჯვებული გუნდიდან ბოლო პერიოდში განდევნილ - გაქცეულ - გაპარული „ტიპები“, უკვე „კანონიერი ქურდების“ როლი რომ მოირგეს პოლიტიკურ ველზე, მედიაში, ზოგიერთმა - პარლამენტშიც.
და ყველა ეს უზნეობა, ყველა ეს საზიზღრობა, ეს ამაზრზენი უკულტურობა და უზრდელობა „ბატონობს“ საჯაროდ, ტელეეკრანზე დემოკრატიის დაცვის, მისი გაღრმავებისთვის ბრძოლის დროშის ფრიალით.
სეირი, რომლის ჟანრია „პოლიტიკური შოუ“, სინამდვილეში კი დაკვეთილი, დაფინანსებული, კარგად გათვლილი, ზოგჯერ ნიჭიერად, უმთავრესად კი უნიჭოდ დადგმული სამარცხვინო „სპექტაკლი“, საბოლოო ჯამში, მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ამ უბედურებას ხელს უწყობს, ნებსით თუ უნებლიედ, ჭკუით თუ სიბრიყვით, „ბარიკადების“ ორივე მხარეს მყოფი ძალები.
...დანარჩენი სხვა დროს.
ამდენი დოქსოპულო საიდან გაჩნდა ამ ქვეყანაზე?
***********
23 ოქტომბერი, 3016 წ. „რეპორტიორი“
ვზივარ და ვფიქრობ არჩევნების ფინალზე.
რომ ვთქვა, ეს შედეგები მოულოდნელი იყო-მეთქი, არ ვიქნები მართალი. გამოვტყდები, არც შედეგებით ვარ მაინც და მაინც გახარებული: ნამდვილად წაადგებოდა ქვეყანას პარლამენტის ზომიერი მრავალფეროვნება - „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები, ბურჯანაძის ნამდვილად ძლიერი გუნდის დეპუტაცია, თუნდაც მინიმალური, მაგრამ, ფრაქციის შესაქმნელად საჭირო რაოდენობით. ასევე, აშკარად დააკლდება ამ პარლამენტს უნიკალური გამოცდილების მძიმეწონოსანი დიპლომატი თედო ჯაფარიძე, გაწონასწორებული და მზარდი დავით უსუფაშვილი, მრავალგზის გამოწრთობილი ვახტანგ ხმალაძე...
მინდოდა, სხვებიც მეხსენებინა, მაგრამ... დამარცხებამ ზოგიერთი ისე დაბოღმა, გააცეცხლა და „გაარეკინა", რომ... ელვისებურად ჩამოიხსნა „ნიღაბი" და სრულიად ახლებურად (ზოგჯერ სამარცხვინოდაც კი) დაგვანახა თავი.
ამას კი ვიყავით შეჩვეული წინასაარჩევნო პერიოდში, ველოდით კიდეც გაგრძელებას, მით უმეტეს, წინ მეორე ტურია, მაგრამ თუ ასე იფეთქებდა ზღვარგადასული ისტერიკა, თუ ასე გაძლიერდებოდა ლანძღვა-გინების კორიანტელი, თუ ასე აუტანლად ამყრალდებოდა გარემო, ნამდვილად არ მეგონა. ისევე, როგორც, ბოდვამდე მისულ ამდენ სისულელეს თუ გავიგონებდი იმ ადამიანებისგან, რომელთაგანაც ზოგიერთს მაინც, საზოგადოება აქამდე მოიაზრებდა... „ნაკითხ" და „ჭკვიან" კაცებად.
... აი, თუნდაც ერთი ილუსტრაცია, რომელსაც თავად არ შევსწრებივარ, არც „გადატრიალებით" ნახვის სურვილი გამჩენია და ამიტომ ვერ დავიჯერებ, რომ დავით ბერძენიშვილმა თქვა ის, რასაც მედია წერს:
„პროდასავლური, თავისუფალი, დემოკრატიაზე ორიენტირებული, დისიდენტური, ანტისაბჭოთა აზროვნების და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალების წრეში ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა არა კონკურენტუნარიანი" -
„ლევან ბერძენიშვილის ბრალი არ არის, რომ მან თავის დროზე ბევრი წიგნი წაიკითხა. არც ირაკლი ალასანიას და რესპუბლიკელების ბრალია, თუ პოლიტიკური კულტურით ბიძინა ივანიშვილი ვერ დაგვეწია".
ეს მხოლოდ ორი ამონარიდია იმ ღრმა, ფუნდამენტური ანალიზით აღსავსე, მეტისმეტად თავმდაბლური (!) და მომავალში უცილობელი წარმატების მოპოვების ღრმა რწმენით გამსჭვალული გამოსვლიდან, რომლითაც საბოლოოდ დასამარდა კონკურენტუუნარო და პოლიტიკურად აბსოლუტურად უცოდინარი, უკულტურო ივანიშვილი, რომლის დახმარებითაც „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა ამომრჩეველთა 1,55 %-ის მხარდაჭერა, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ თითქმის 49%. (არაფერიც არ შემშლია. ბერძენიშვილის საუბრის ტონალობით ასე ჩანს).
მდააა! აი, წარმოვიდგინე პოლიტიკური კულტურის მარათონში მოასპარეზე დავით ბერძენიშვილმა, დავით უსუფაშვილმა, ბუკა პეტრიაშვილმა, ირაკლი ალასანიამ სტარტზევე როგორ ჩამოიტოვეს ბიძინა ივანიშვილი და პირველებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი, სადაც მათ ყვავილებით ხელში შეეგებნენ თინიკო ხიდაშელი და მაიკო ფანჯიკიძე...
ეტყობა, ფანტაზია არ მეყო ამ უმშვენიერესი სანახაობის და კიდევ უფრო გასახარელი საყოველთაო ყიჟინის წარმოსადგენად და ჩემი თავი დავაჯერე იმაში, რომ არც ასეთი იდიოტია დავით ბერძენიშვილი, რომ ასეთი სისულელე ეთქვა. ბოლოს და ბოლოს, ლევანის ძმაა ბერძენიშვილის და, ალბათ, ჟურნალისტებმა დაასხეს ნავთი ისედაც აალებულ ცეცხლს.
... ანდა, „ხიხოებად" და „ვაკელებად", „ქაჯებად" და „სვეცკებად", „ადგილობრივებად" და „ჩამოთრეულებად" როდიდან დაიწყეს პოლიტიკოსების დაყოფა. და თუ ამ თემასთან დაკავშირებული კომენტარების გაცნობისთვის დრო არ დაგენანებათ, დარწმუნდებით, რომ ეს, დაახლოებით, იმას ნიშნავს, ხონის ცენტრში დაბადებულმა ვინმე „ჩიორამ" სოფელ გორდში ფეხადგმულ ვინმე „კაკოიას" სულ ქაჯი და დეგენერატი ეძახოს...
ისე, ასეთ რეაქციებს რომ ვკითხულობ ან ვუსმენ, ხან ძველებური ბრძნულად ნათქვამი მახსენდება („ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა!"), ხან კი სოსო გრიშაშვილის საბავშვო ლექსი - „ბაქია და მკვეხარა!"
ძალიან ცუდია, რომ ამ თაობებს არ მოუსწრო იმ სახელმძღვანელომ, რომელშიაც დიდი იაკობ გოგებაშვილის სიბრძნით ჩადებული იყო ბევრი ისეთი ნაწარმოები, ბავშვი რომ ჭკუას, გონებას, პატრიოტიზმს, ადამიანებისადმი სიყვარულს, უფროს-უმცროსობას, ზნეკეთილობას სწავლობდა და ეჩვეოდა...
ახლა?
ჩემ მტერს!
ჰოდა, დავიჯერო, ყველა ეს უჯიშო, უზრდელი და უმადური მართლა ლომაია-შაშკინის „რეფორმირებულ" ბაგა-ბაღ-სკოლაში 18 წელს მიტანებული შეიყვანეს?
ნეტავ, ამდენი უდედო დოქსოპულო, ამდენი დაუნახავი, ამდენი უზნეო, ბაქია და მკვეხარა საიდან გაჩნდა ამ ქვეყანაზე?