„მე რომ მარიამ კუბლაშვილის ადგილას ვიყო, ყველას ვუჩივლებდი სასამართლოში. რა უფლება აქვთ, რომ ადვოკატს ბრალს სდებენ მისი კლიენტის დაცვისთვის?! ვინც მარიამ კუბლაშვილზე რამეს ამბობს, იმ უფლებადამცველებს უთხარით - ზაზა ხატიაშვილი გირჩევთ, რომ კბილები გამოირეცხეთ და ისე ისაუბრეთ მარიამ კუბლაშვილზე-თქო. ის არის ადვოკატი და გაერო-ს კონვენცია იცავს მას“, - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა თანაშემწეზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის კრიტიკაზე საუბრისას.
„ძალიან ცუდია ქალზე ძალადობა. ჯიშკარიანზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ძალიან ბევრი კაცი უდანაშაულოდ ზის ციხეში ქალის მიერ განხორციელებული ცრუ დასმენის გამო. როდესაც აღმოჩნდება, რომ ქალი მამაკაცზე ცრუ დასმენას ახორციელებს, მაშინ ეს უფლებადამცველები სად არიან?
მე ძალადობას ვებრძვი, მაგრამ ყველა ის უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც მარიამ კუბლაშვილს ადანაშაულებს, უვიცია. გაერო-ს კონვენციაში, რომელიც 1990 წლით თარიღდება, წერია, რომ არ შეიძლება კლიენტთან ადვოკატის იდენტიფიკაცია. ყველა ის უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც ადვოკატს ადანაშაულებს, არ არის უფლებადამცველი, პირიქით, უფლებადამრღვევია.
მე რომ მარიამ კუბლაშვილის ადგილას ვიყო, ყველას ვუჩივლებდი სასამართლოში. რა უფლებაა აქვთ, რომ ადვოკატს ბრალს სდებენ მისი კლიენტის დაცვისთვის?! ადვოკატი ხან მკვლელს დაიცავს, ხან მოძალადეს. შეიძლება, ჯიშკარიანი უდანაშაულო აღმოჩნდეს, მერე სად მიდიან ეს უფლებადამცველები?!“, - დასძენ ხატიაშვილი.