logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს
- +

13 ოქტომბერი. 2019. 17:34

 

 

12-14 ოქტომბერს ქ. ლონდონში იმართება NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 65-ე წლიური სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით. ასევე დელაგაციაში შედიან: სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია და გიორგი კანდელაკი.

 

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის კომიტეტების შეხვედრებში, სადაც წარმოდგენილ ანგარიშებში მხარდაჭერილია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია, დემოკრატიული რეფორმები, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიაობა და დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

 

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, NATO-ს საპარალამენტო ასამბლეა არის ორგანიზაცია, რომელიც პრინციპული და ერთიანია, როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე.

 

„ასევე, აღსანიშნავია, რომ ანგარიში სადაც საუბარია ალიანსის ღირებულებებზე, საქართველო მოხსენიებულია როგორც ლიდერი და ტრანსფორმაციის გზაზე მდგარი ქვეყანა, რომლის საერთაშირისო რეიტინგები უთანაბრდება NATO-ს წევრების რეიტინგებს. მათ შორისაა მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ბიზნესგარემო. კორუფციასთან ბრძოლის რეიტინგში საქართველოს NATO-ს 10 წევრ ქვეყანაზე უკეთესი შედეგები აქვს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

ირაკლი ბერაიას განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯერალდ კონოლის ანგარიშში მხარდაჭერილია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება. დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს რომ ალიანსმა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

 

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან და ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, საჯარო საკონსტიტუციო განხილვები და 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები. ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში წევრობას და მიმდინარე რეფორმები ქვეყანას ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება.

 

უკრაინის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში საუბარი გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია, რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ქართულ და უკრაინულ საპარლამენტო დელეგაციებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner