logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი: რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის სამეფო მიღებათა დარბაზში უპრეცედენტო გამოფენა გავხსენით
- +

10 ოქტომბერი. 2019. 13:18

 

რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ, ბუქარესტში, რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის სამეფო მიღებათა დარბაზში უპრეცედენტო გამოფენა გავხსენით, რომელიც საქართველო-რუმინეთის 300-წლოვან ურთიერთობებს მიეძღვნა. რუმინეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და თსუ ბიბლიოთეკის ძალისხმევით, პირველად გამოიფინა სრული კოლექცია წიგნებისა, რომელიც ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა; სტამბაში, რომელიც ჩვენი დიდი თანამემამულის, უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტის, წმ. მოწამე ანთიმოზ ივერიელისა და ვლახეთის მთავრის, წმ. მოწამე კონსტანტინე ბრინკოვიანუს დახმარებით დაარსდა და რომლის პირველი მბეჭდავიც ტრანსილვანიელი რუმინელი, ანთიმოზის საუკეთესო მოწაფე მიხაი შტეფანი გახლდათ. იგი მიხაი იშტვანოვიჩის სახელითაც არის ცნობილი, მაგრამ თავის ნაბეჭდ ქართულ წიგნებს ქართულ სტილში აწერდა: მიხეილ სტეფანეშვილი. ამიტომაც, სიმბოლურია, რომ პირველი ასეთი გამოფენა, სწორედ რუმინეთში გაიმართა. უნიკალურ წიგნებთან ერთად, ასევე, მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელშიც ასახულია ქართულ-რუმინული ურთიერთობების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, მოყოლებული ანთიმოზ ივერიელის ხანიდან - დღევანდელ დღემდე.

 

გამოფენის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს რუმინეთის საგარეო და კულტურის სამინისტროების სახელმწიფო მდივნებმა, რუმინელმა სენატორებმა და დეპუტატებმა, რუმინეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იერონიმემ და ანთიმოზის მონასტრის საძმომ და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. სპეციალურად ამ დღისთვის რუმინეთს ეწვივნენ ქართველი პარლამენტარები: მარიამ ჯაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ამავე კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე და რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ისკო დასენი, რისთვისაც მათ უღრმეს მადლობას მოვახსენებ.

 

მაგრამ, ასევე, ძალიან გასახარელი იყო ის ფაქტი, რომ ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის ლიცეუმის მოსწავლეების ჯგუფიც ეწვია გამოფენას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტი ეცოდინებათ ჩვენი ერების სამსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ.

 

ნახევარ წელზე მეტ ხანს ვამზადებდით ამ გამოფენას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან და თსუ ბიბლიოთეკასთან ერთად და გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ეს შრომა ამად ღირდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებ. ასევე, დიდი მადლობა ეკუთვნის რუმინეთის დიპლომატიურ არქივს, რომელმაც მოგვაწოდა უნიკალური დოკუმენტური მასალა ფოტოგამოფენისთვის. და, რაღა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნის საელჩოს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ახლა მიღწეული შედეგით ტკბებიან, მაგრამ ეს ტკბობა დიდხანს არ გასტანს, რადგან წინ კიდევ ახალი პროექტები გვაქვს“, - წერს ნიკოლოზიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner