„ჩვენ შეიძლება დასაქმებულებზე ზრუნვის საბაბით მათი მდგომარეობა პირიქით გავაუარესოთ“, - ამის შესახებ კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება რაღაც რეგულაცია კარგად მუშაობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენთვის ეს რელევანტური არ იყოს, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების დონიდან.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აუცილებელია დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ეს არის ამოსავალი წერტილი, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია, გავაკეთოთ შეფასება, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კანონმდებლობის ამ ფორმატით მიღებამ, მათ შორის დასაქმებულებზე. ჩვენ შეიძლება დასაქმებულებზე ზრუნვის საბაბით მათი მდგომარეობა, პირიქით, გავაუარესოთ. გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების დონიდან, შეიძლება რაღაც რეგულაცია კარგად მუშაობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენთვის ეს რელევანტური არ იყოს. ამ ყველაფერს უნდა კარგი ანალიზი. სხვადასხვა დარგის მიხედვით უნდა მოხდეს შეფასება. ზოგიერთ დარგში განსაკუთრებით აქტუალურია დასაქმებულის უფლება, ზოგიერთ დარგში ნაკლებად რელევანტური, რათა დასაქმების ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი. მაგალითად, ბიზნესი ავიღოთ. ჩვენს ბიზნესში საკმაოდ კონკურენტუნარიანია ბაზარი და კადრების მოძიება, სიმართლე რომ ითქვას, ჭირს კიდეც. ამ „ქეისს“ სხვანაირად უნდა შევხედოთ და ისეთ დარგს, სადაც ბევრია მიწოდება, ბევრი შეიძლება იყოს დასაქმების მსურველი და იყოს ცოტა სამუშაო ადგილი, სხვანაირი მიდგომა უნდა“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
როგორც BDO-ს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, კარგად უნდა შეფასდეს, რა გავლენას მოახდენს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დასაქმებულებსა და ქვეყნის ეკონომიკაზე.
„საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობამ გაითვალისწინოს. ამაში ორი აზრი არ არსებობს - ვგულისხმობ უსაფრთხოებას, ანაზღაურებას, ღირსეულ სამუშაო პირობებს და ასე შემდეგ. ეს შეიძლება გავაკეთოთ ეტაპობრივად, ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკის განვითარების შესაბამისად. ამ ყველაფრის წინ უნდა იყოს კანონმდებლობის შეფასება, ამომწურავი ანალიზი, რას მოგვცემს ამა თუ იმ რეგულაციის შემოღება, რა გავლენას მოახდენს დასაქმებულებსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. რეგულაციის გავლენის შეფასება ე.წ. RIA (REGULATORY IMPACT ASSESSMENT) ჩვენს ქვეყანაშიც გაკეთებულა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტზე. აქაც იგივე უნდა მოხდეს - გაზრდის ეს ეკონომიკას, შეამცირებს, გააუმჯობესებს თუ გააუარესებს დასაქმებულების უფლებებსა და პირობებს, ანაზღაურების ოდენობას და ასე შემდეგ“, - აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანება, „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე.