საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს ჯანი პიტელას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან სოციალ-დემოკრატების ალიანსიდან - კნუტ ფლეკენშტაინთან, ხავიერ მორენოსთან, დანიელ კარდელასთან, ტომ ბოიმერთან, მარია მუნიზთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხები განიხილა.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივლისდან ოფიციალურად ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილს, არამედ უკვე აუცილებელობას წარმოადგენს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, სოციალ-დემოკრატების ალიანსის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეხვედრაზე საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ ალიანსი კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებს აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე.