ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღებაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღებაში ბრალდებულები - ი.მ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქე ი.მ.-მ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ.-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გაასაღეს 0,04 გრ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ მ.ქ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,224 გრ ბუპრენორფინს, რომლის ნაწილიც - 0.032 გრ წინასწარი შეთანხმებით, ი.მ. -სთან ერთად უკანონოდ გაასაღა.
სამართალდამცველებმა მ.ქ. და ი.მ. 2019 წლის 6 თებერვალს დააკავეს, მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ქ.-ს 12 წლით, ხოლო ი.ქ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.