ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა ია მეტრეველმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ახალშექმნილ პარტიასთან დაკავშირებით ისაუბრა. მეტრეველის განცხადებით, აღნიშნულ პარტიაში გაწევრიანების მიზეზი არის მისი და თამაზ მეჭიაურის საერთო ინტერესები. ასევე მეტრეველმა აღნიშნა, რომ მისი ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში საჭირო გახდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ გააქტიურდა და პროვოკაციებს გეგმავს.
„ვხედავ „ნაციონალების“ და მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებას. ისინი მიმართავენ ყველა ღონეს, არიან ყველაფერზე წამსვლელები. აუცილებლად იქნება მათთვის დამახასიათებელი პროვოკაციები, ამიტომ ჩემი რესურსი აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის სასიკეთოდ.
ბოლო პერიოდში ვადევნებდი თვალს თამაზ მეჭიაურის გამოსვლებს, აზრებს და შეფასებებს, ბევრ საკითხში ვეთანხმები. მივიღე მისგან შემოთავაზება და დავთანხმდი. ვერ დავჯდები გულხელდაკრეფილი და ვერ ვუყურებ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ უბედურება დაატეხოს ქვეყანას“, - განაცხადა მეტრეველმა.