რამდენად ხარისხიან პროდუქტს ქმნის "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ხალხის ფულით? - ამის შესახებ „პრაიმტაიმს" არჩილ გამზარდია ესაუბრა და აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან" საზოგადოება უნდა იღებდეს იმას, რასაც კერძო ტელევზიებისგან ვერ მიიღებს და ის თანხა, რასაც ტელევიზია იღებს, უნდა იხარჯებოდეს იმაში, რომ მაყურებელმა მიიღოს სწორი ინფორმაცია.
„არ მგონია, ის დაფინანსება ასახული იყოს იმაში, რასაც ქმნის „საზოგადოებრივი მაუწყებელი". მისი იდეა რაში მდგომარეობს? - მან უზრუნველყოს ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელსაც კომერციული არხები არ არ აწვდიან საზოგადოებას.
კომერციული არხები ქმნიან ისეთ პროდუქტს, რაც ადვილად იყიდება და რაც კომერციულად მომგებიანია. ჩვენ კი იმიტომ ვაფინანსებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ამის იძულება არ ჰქონდეს... მე მინახავს რაღაც საინტერესო გადაცემები, ვთქვათ სოფლის მეურნეობასთან ან მოგზაურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მას ვუყურებ როგორც სპეციალისტი. არც მე ვარ ამ გადაცემების მუდმივი მაყურებელი და მით უმეტეს, არც სხვა.
მე, როგორც მაყურებელი, ვერ ვხედავ იმას, რომ ამხელა თანხა ასახულია შესაბამის შედეგში.
როდესაც საპატრიარქოსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 23 მილიონთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები, როგორ ხარჯავს ის ამ ფულს, როდესაც აფინანსებს საკუთარ მედიასაშუალებებს, სკოლებს, სამშობიაროს და ა. შ. ბუნებრივია, უნდა გაჩნდეს კითხვები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებითაც - რამდენად ეფექტურად ხდება 44 მილიონის ხარჯვა და რამდენად ვიღებთ იმას, რაშიც ფულს ვიხდით", - ამბობს არჩილ გამზარდია.