logo_geo
eng_logo
ქართველი ახალგაზრდა თაობის სენად ქცეული გატაცება
- +

7 ივნისი. 2016. 16:26


ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან ერთად ონლაინთამაშები სულ უფრო პოპულარული ხდება. სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა კი თანდათან კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია საქართველოში სათამაშო ბიზნესის შემოსავლების ზრდის ოფიციალური მონაცემებიც: 2011 წელი - 366 მილიონი ლარი, 2012 წელი - 996 მილიონი ლარი, 2013 წელი - 1.213 მილიარდი ლარი, 2014 წელი - 2, 032 მილიარდი ლარი, 2015 წლის სამი კვარტლის შეჯამებით, 1,353 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლებით ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კაზინოების წლიური ბრუნვა თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.



როგორც „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ონლაინ-თამაშებში ყოველდღიურად 400 ათასი ადამიანია ჩართული. მისივე განმარტებით, მომხმარებელთა ასაკობრივი ზღვარი 15-დან 35 წლამდეა.


 

ასაკობრივ ჭრილში რომ განვიხილოთ, გამოდის, რომ ყოველი მეორე ახალგაზრდა ამაშია ჩართული. 15-დან 35 წლამდე ადამიანები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთაც რეალურად უნდა შექმნან ქვეყნის ეკონომიკა და მატერიალური დოვლათი. ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ქვეყანაში განათლების დონე დაბალია და ბიზნესს კვალიფიციური კადრების პოვნა უჭირს, არის სწორედ ახალგაზრდების აზარტულ თამაშებში ჩართულობა", - აღნიშნავს „აფბა"-ს ანალიტიკოსი.


კუკულაძის თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მოთამაშე დღეში მინიმუმ 4-5 საათია ჩართული ონლაინ-თამაშში. ანალიტიკოსის ინფორმაციით, ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა უმრავლესობა დაბალშემოსავლიან ფენას მიეკუთვნება:


 

ისინი თამაშობენ არა გასართობად, არამედ შემოსავლის მიღების მიზნით. მათ უმრავლესობას არ აქვს სამსახური. შესაბამისად, თანხას დაუდასტურებელი შემოსავლებიდან აგებენ. ან ყიდიან სახლიდან რაიმე ნივთს, ან ალომბარდებენ, შესაძლოა, კრიმინალზეც კი წავიდნენ. ასეთი არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ლუდომანია ავადმყოფობაა, ის ქართველი ახალგაზრდა თაობის სენად იქცა. ადამიანები კარგავენ განვითარების შანსს და ყველანაირ პერსპექტივას", - ამბობს ზურაბ კუკულაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner