ავტორი ნინო ჯიბუტი
თორნიკე ზედელაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრანტია. სწავლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
დაამთავრა ხალხური საკრავების სტუდია, ასევე ხალხური საკრავების სტუდია „მართვე" და მომავლის პროფესიული სკოლა, სპეციალობით - „დირიჟორი". დაამთავრა სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობით - „ჟურნალისტიკა-ტურიზმი".
22 წლის თორნიკემ სალამურზე დაკვრის თვითმასწავლებელი შექმნა, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გამოიცემა. მსგავსი სახელმძღვანელო ჩასაბერ საკრავებთან დაკავშირებით არ არსებობდა საქართველოში. პირველი თვითმასწავლებლის სახელწოდებაა „სალამურის ანბანი". წიგნი ილუსტრირებულია და ქართულ-ინგლისური ვერსიაა. თორნიკე უახლოეს მომავალში გეგმავს ქართული ხალხური საკრავების პოპულარიცაზიის მიზნით სახელმძღვანელო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიტანოს. ამ სახელმძღვანელოს მნიშვნელობასა და შინაარსზე, უფრო დაწვრილებით „რეპორტიორს" თავად წიგნის ავტორი თორნიკე ზედელაშვილი ესაუბრა:
- ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრის შესწავლის მსურველი საქართველოში მრავალია. ბევრს საშუალება არ აქვს ყოველთვიურად თანხა იხადოს შესწავლაში. ამ წიგნში ფუნდამენტურად არის გადმოცემული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მხარე. ინტერნტესივრცეში და ზოგადად თუ მოიძიებთ ინფორმაციას, ქართულ ხალხურ საკრავებზე სახელმძღვანელო არ არსებობს. მხოლოდ ის შეიძლება მოიძიოთ, თუ საიდან წამოვიდა, რომელი საუკუნით თარიღდება და არის ფოტოები. ვიდეოგაკვეთილებიც კი არ არის.
პირველი ნაწილი კლასიკურ სალამურს ეთმობა. არის ძველი სალამურიც - უენო, რომელსაც აღარ ხმარობენ და არის ახალი კლასიკური სალამური. სხვათაშორის, ასევე არის კლასიკური, ქრომატული ფანდური 12-დანაყოფიანი და ძველი 7-დანაყოფიანი ფანდური. 7-დანაყოფიანი ფანდური უკვე დავიწყების პირას არის და აღარ ხმარობენ. ახლა უფრო კლასიკურ ფანდურს იყენებენ, რომელიც უკვე ხშირად 13, 14-დანაყოფიანია.
ამის შემდეგ, ფანდურზე დაკვრის თვითმასწავლებელს გამოვცემ და ასე ეტაპობრივად გამოვუშვებ სხვადასხვა ქართულ ხალხურ საკრავებზე წიგნებს.
- გასაგებია, რომ ეს სახელმძღვანელო დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრა შეისწავლოს, მხოლოდ ეს არის ამ იდეის განხორციელების მიზეზი?
- გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი საკრავები გაქრობის პირასაა, თუმცა რაღაც დონეზე ქართული საკრავების მნიშვნელობა იკარგება, აქტუალობას კარგავს. მხოლოდ ფანდურზეა ძალიან დიდი მოთხოვნა. არ მინდა, ამ საკრავებმა მნიშვნელობა დაკარგოს, ეს არის ამ იდეის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- რამდენი დრო დასჭირდა „სალამურის ანბანის" წერას?
- საბოლოო ვერსიის შექმნას სრული სამი თვე მოვანდომე. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი დრო მიაქვს ნაწარმოებების წერას.
- გავაცნოთ მკითხველს, თუ რას იხილავს კონკრეტულად ამ სახელმძღვანელოში და როგორ მოხდება მისი თვითშესწავლა?
- იქ არის სალამურის ჩაბერვის მეთოდები, სალამურზე თითების წყობის. როგორ უნდა დაუკრა, ჩაბერო, განალაგო თითები, ორ სალამურზე როგორ უნდა დაუკრა და, ასევე, როგორ უნდა დაუკრა სხვადასხვა ნაწარმოებები. ამ წიგნში 30-მდე ნაწარმოებია შესული.
შესავალშია სალამურის ისტორია. ვფიქრობ, მასწავლებლებისთვისაც ძალიან გამოსაყენებელი წიგნი იქნება, რადგან ამ სახელმძღვანელოს მიხედვით, ძალიან მარტივად შესაძლებელია, ასწავლო.
ზოგადად, ეს არ არის მოთხრობა, წაიკითხო და დაგამახსოვრდეს, აქ საჭიროა ხელების ვარჯიში, სუნთქვის ვარჯიში, წიგნში მოცემულია უამრავი მეთოდი... მარტივად და გასაგებად ახსნილი.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ნაწილებად გამოგეშვათ სახელმძღვანელო და არა საერთო კრებულად?
- შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სალამური პატარა საკრავია და რა საჭიროა, მიუძღვნა ერთი წიგნი, თუმცა, იმდენი დეტალი აქვს არამარტო ამ საკრავს, არამედ თითოეულს, ვიფიქრე, ნაწილებად გამომეცა. თითოეული საკრავი ძალიან შრომატევადია. დაინტერესებულ ადამიანს შეიძლება კონკრეტულად სალამურზე დაკვრის შესწავლა სურდეს, ან ფანდურზე, ამიტომ კონკრეტული პროდუქტის მიწოდება მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელია.
ამ წიგნის შემდეგ, სხვა - სიმებიან, ჩასაბერ და დასარტყამ საკრავებზე გამოვცემ სახელმძღვანელოებს. რაც შეეხება კლავიშებიან საკრავს, აქ საჭიროა სოლფეჯიო, კლავიშებიან საკრავს სხვანაირად ვერ ისწავლი, რადგან კლავიშებს ნოტები სჭირდება. დანარჩენებსაც აქვს ნოტები, მაგრამ ყველა ნოტს აქვს საკუთარი ასო - ლათინური ასოები, რომელსაც „ციფროვკას" ვეძახით. კლავიშებიან საკრავებში ციფრებით უკვე ვეღარ დაუკრავ, იქ ჩვეულებრივი ნოტებია საჭირო. ეს არის ერთი გამონაკლისი, რომ კლავიშებიან საკრავებზე თვითმასწავლებელს არ დავწერ, რადგან აზრი აქვს.
ქართული ხალხური საკრავების თვითმასწავლებლების გამოშვების გარდა, მომავალში გიტარის თვითმასწავლებლის გამოცემასაც ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტაოდენი რამ მაინც არის დაწერილი, მე უფრო ფუნდამენტურ სახელმძღვანელოს დავწერ, შეიძლება, ფლეიტაზეც დავწერო. სხვათაშორის, ვინც დაკვრა უკვე იცის, ბევრი ისეთი დეტალია,რაც მისთვის სიახლე აღმოჩნდება, თუნდაც ორ სალამურთან დაკავშირებით.
ასევე ვიდეოგაკვეთილების ჩაწერასაც ვგეგმავ.
- როგორ ფიქრობთ, ეს სახელმძღვანელო რამდენად გაამართლებს და დააინტერესებს საზოგადოებას?
- ასე ვერ განვსაზღვრავ. თუმცა ვფიქრობ, ვისაც გულწრფელად სურს, დაკვრა ისწავლოს, დაინტერესდება. სხვათაშორის, ვინც ამ საკრავებით დაინტერესებული არ იყო და ამ წიგნს გაეცნო, თითოეულში დიდი ინტერესი გამოიწვია. პრაქტიკაშიც მაქვს შემთხვევა, ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით ისწავლეს დაკვრა.
- როგორც ვიცი, სურვილი გაქვთ, ამ თემით კულტურის სამინისტროც დააინტერესოთ...
- როდესაც უკვე კულტურის სამინისტრო, ზოგადად სტრუქტურები ასეთ იდეებში ერთვებიან, დაინტერესება უფრო ფართომასშტაბიანი ხდება. თუნდაც ის, რომ მინდა, ეს წიგნი უცხოეთშიც გამოვცე, რა თქმა უნდა, ჩემი ძალებით შემიძლია და მყავს მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც დამეხმარებინ. მაგრამ როცა სახელმწიფო დონეზე ხდება ჩარევა, პროექტი უფრო რეალიზებადი ხდება.
- არ გგონიათ, რომ საზოგადოებაში გარკვეულ კრიტიკას გამოიწვევს და ეჭვს გააჩენს, რომ თვითმასწავლებლით ადამიანი დაკვრას ვერ შეისწავლის?
- ზოგადად ქართული კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქართული ფოლკლორია, ეს თუ დაიკარგა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ვიკარგებით, ამიტომ ვიწყებ ფესვებიდან. ვიცი, რომ ამას შეიძლება გარკვეული კრიტიკაც მოჰყვეს და ამისთვის მზად ვარ. შესაძლოა, იმისთვისაც გამაკრიტიკონ, რომ სალამურზე ნოტები „ციფროვკით" არის დაწერილი.
ჩემი მთავარი მიზანია ქართული ხალხური საკრავების გადარჩენა, პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით და მარტივი შესაძლებლობა, დაინტერესებულმა ადამიანებმა შეისწავლონ.
გარდა ამისა, ვაპირებ, გავაკეთო პროგრამა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ააწყოს ქართული ხალხური სიმღერა. „Folker"-ში იქნება ფანდურის, სალამურის, ბანის ფანდურის და სხვა ქართული ხალხური საკრავების მინუსები, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებთ პირველ რიგში ჩამწერ სტუდიებს საქმეს. პროგრამა დაახლოებით „FL" studios მსგავსი იქნება.