20-21 ივნისის საპროტესტო აქციის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი სასამართლომ 2000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, დანაშაულის აღიარების შემდეგ გაათავისუფლა.
პროკურორ გიორგი მუკბანიანის თქმით, ბრალდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ცნო უდავოდ, რაც გულისხმობს იმას, რომ არ მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე უშუალოდ და ზეპირად, არ დაიკითხებიან მოწმეები და არ იქნება გამოკვლეული სხვა ნივთიერი მტკიცებულებები.
„ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მისი პოზიციების გათვალისწინებით, როგორც მტკიცებულებების არასადავოდ ცნობის, ასევე მის მიერ წარდგენილი ბრალდების აღიარებასთან დაკავშირებით მოიკლო გარკვეულმა საფრთხეებმა, კერძოდ, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხემ, რაც საფუძვლად დაედო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას“, - აღნიშნა პროკურორმა.